ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროპარლამენტის რეზოლუცია გმობს “აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიას”

6 ოქტომბერი, 2023 • 1079
ევროპარლამენტის რეზოლუცია გმობს “აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიას”

5 ოქტომბერს ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით [491 – მომხრე, 9 – მოწინააღმდეგე, 36-მა თავი შეიკავა] მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიას მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წინააღმდეგ და მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, სანქციები დაუწესოს აზერბაიჯანელ მაღალჩინოსნებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მთიან ყარაბაღში ადამიანის უფლებებისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მრავალრიცხოვან დარღვევებზე .

ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა როგორც აზერბაიჯანი, ასევე თურქეთი. მათ დაგმეს რეზოლუცია, ევროპარლამენტარები კი მიკერძოებულობაში, სომხური ლობის ინტერესების გატარებაში და ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულეს. ამასთან, ბაქომ განაცხადა, რომ რეზოლუციის საპასუხო განცხადებას აზერბაიჯანის მილი მეჯლისიც [პარლამენტი] მიიღებს.

მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა, და დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე.

20 სექტემბერს დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, რაც ბაქომ აზერბაიჯანის მორიგ ტრიუმფად და ყარაბაღის კაპიტულაციად გამოაცხადა. ამასთან, აზერბაიჯანმა ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის გეგმასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაიწყო საუბარი, თუმცა, ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ ცხოვრებაზე უარი თქვეს და სომხეთში, იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსით გადავიდნე საცხოვრებლად. ამ მოვლენებამდე ყარაბაღში 120 ათასი ეთნიკურად სომეხი ადამიანი ცხოვრობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი