საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასრულა განხილვა, სადაც მსჯელობდნენ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც უცხოეთში ვიზიტებით გაემგზავრა მთავრობასთან შეუთანხმებლად. დასკვნას სასამართლო კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში წარუდგენს პარლამენტს. წარდგინების ბოლო ვადა 14 ოქტომბერია.

პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მიმართეს. მათ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა აქვთ წამოწყებული. თავად პრეზიდენტის პოზიციაა, რომ უცხოეთში ვიზიტებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში მხარდაჭერის მოსაპოვებლად მართავს.

საკონსტიტუციო სასამართლომ რომც დაადგინოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, სადაც ამისათვის 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. “ქართულ ოცნებას” და მის მოკავშირეებს ამ ეტაპზე 100 მანდატი არ აქვთ.