ახალი ამბები

Новая газета-ს რედაქტორი ნობელის მედალს უკრაინელ ლტოლვილების დასახმარებლად ყიდის

22 მარტი, 2022 • 1461
Новая газета-ს რედაქტორი ნობელის მედალს უკრაინელ ლტოლვილების დასახმარებლად ყიდის

რუსული დამოუკიდებელი გაზეთის, „ნოვაია გაზეტას“ (Новая газета-ს) მთავარი რედაქტორი, დმიტრი მურატოვი,  ნობელის პრემიის ოქროს მედალს, რომელიც შარშან მიიღო,  უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად აუქციონზე ყიდის.

„Новая газета-მ და მე გადავწყვიტეთ, 2021 წლის ნობელის პრემიის მედალი გადავცეთ უკრაინის ლტოლვილთა ფონდს. მათი რაოდენობა უკვე 10 მილიონს აჭარბებს“, – აცხადებს მურატოვი.

მურატოვის თანახმადვე, სასწრაფოდ უნდა შეწყდეს უკრაინაში ცეცხლი, მხარეებმა გაცვალონ პატიმრები, უნდა დააბრუნონ მიცვალებულთა ცხედრები, გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფნები და „უზრუნველყოფილნი იყვნენ ლტოლვილები“.

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 2021 წელს ორმა ჟურნალისტმა მიიღო, – „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორმა დმირტი მურატოვმა და ფილიპინური გამოცემა Rappler-ის დამფუძნებელმა მარია რესამ.

პრემია ჟურნალისტებმა მიიღეს „თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვის დაცვისთვის, რაც დემოკრატიისა და გრძელვადიანი მშვიდობის ქვაკუთხედია“.

ნობელის კომიტეტი ხაზს უსვამდა, რომ წნეხისა და არაერთი გამოწვევის მიუხედავად, „ნოვაია გაზეტა“ დღემდე რჩება ყველაზე დამოუკიდებელ გაზეთად რუსეთში.

რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრის შემდეგ, „ნოვაია გაზეტა“ რამდენიმე დღით დაბლოკეს, რადგან აქვეყნებდა ინფორმაციას, რაც რუსულ სამთავრობო პოზიციას არ ემთხვეოდა.

გაზეთის 24 თებერვლის ნომერი ორ ენაზე – რუსულად და უკრაინულად გამოვიდა.

„უკრაინას ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ მტრად და უკრაინულ ენას მტრულ ენად… ვფიქრობ, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების ანტისაომარ მოძრაობებს შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე ამ პლანეტაზე”, – აცხადებდა მურატოვი.

მასალების გადაბეჭდვის წესი