ახალი ამბები

კობახიძე განმარტავს, რატომ დაუჭირა მხარი „ოცნებამ“ ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში

4 ოქტომბერი, 2023 •
კობახიძე განმარტავს, რატომ დაუჭირა მხარი „ოცნებამ“ ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე მსჯელობისას განმარტავს, თუ რატომ დაუჭირა მმართველმა გუნდმა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარი პრეზიდენტის პოსტზე.

კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ რომ ჰქონოდა განცდა, რომ ზურაბიშვილი წარმატებით განახორციელებდა საგარეო და საშინაო პოლიტიკას, მას მხარს არა პრეზიდენტის, არამედ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაუჭერდა:

„2018 წელს, როდესაც ირჩეოდა პრეზიდენტი და ჩვენ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, კონკრეტული კრიტერიუმების გათვალისწინებით გავაკეთეთ ეს. ჩვენ რომ გვქონოდა იმის რწმენა, რომ პრეზიდენტი წარმატებით განახორციელებდა საგარეო და საშინაო პოლიტიკას, მას მხარს დავუჭერდით არა პრეზიდენტის, არამედ პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე. იმიტომ, რომ ეს არის პრემიერის პრეროგატივა.

მაგრამ მხარი იმიტომ დავუჭირეთ პრეზიდენტის პოზიციაზე, რომ მას ჰქონდა შეზღუდული მანდატი და მთავარი კრიტერიუმები საჯაროდაც იყო ნათქვამი. ის იყო დიასპორის წარმომადგენელი, შთამომავალი დიდი წინაპრების, რომ მას ჰქონდა ევროპული ცხოვრებისეული გამოცდილება, იყო ქალბატონი… ჩვენი ისტორიული ტრადიცია და ა.შ. ანუ, პრეზიდენტს იმიტომ კი არ გამოვუცხადეთ მხარდაჭერა და ხალხმაც იმიტომ კი არ მისცა ხმა, რომ მისგან ელოდებოდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმატებით განხორციელებას, მას მხარი დაუჭირა არსებული მანდატის გათვალისწინებით და დღეს პრეზიდენტი ცდილობს გასცდეს ამ მანდატს, რაც ხალხმა მიანიჭა“ ,— აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ირაკლი კობახიძემ სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი აღარ იმსახურებს, იკავებდეს საქართვრელოს პრეზიდენტის თანამდებობას და მისი თქმით, ამ აზრს მთავრობა და ის 80 დეპუტატიც იზიარებს, რომლებიც საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები არიან.

ამ თემაზე წაიკითხეთ: რა არგუმენტები აქვს პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში

30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

აღნიშნული განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტისთვის მთავრობას ევროპაში ვიზიტებზე თანხმობა არ მიუცია. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებიდან ირკვევა, პრეზიდენტს, ევროპის ქვეყნების გარდა, უარი უთხრეს უკრაინაში ვიზიტზე, ასევე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში ვიზიტებზეც.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობდნენ, რომ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტებით კონსტიტუციას არღვევს. როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პრეზიდენტისთვის ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის უარი „საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან დაკავშირებულ რისკებთან არის დაკავშირებული“.

იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევას დაუდგენს, პარლამენტს შეუძლია მის იმპიჩმენტს კენჭი უყაროს. ამისთვის კი „ქართულ ოცნებას“ 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში 100 დეპუტატი არ არის, შესაბამისად, მხოლოდ უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ შეძლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი