საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებას, რომლის ავტორებიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ. წარდგინების ავტორები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა ევროპის ქვეყნების ლიდერებთან მთავრობის ნებართვის გარეშე შეხვედრისას წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა, რითაც ქვეყნის კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტი დაარღვია.
ეს მუხლი ამბობს, რომ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში.
საპასუხოდ, პრეზიდენტის წარმომადგენლები სასამართლოში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს ვიზიტების ფარგლებში საკუთარი უფლებამოსილება 52-ე მუხლის საფუძველზე არ განუხორციელებია და ის ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე და 78-ე მუხლებით. აქედან ერთი ადგენს, რომ საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, ხოლო მეორე -კონსტიტუციურ ორგანოებს ევროინტეგრაციის ხელშეწყობას ავალდებულებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი, რომელიც პროცესზე საქართველოს პრეზიდენტს წარმოადგენს, აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, სასამართლომ ყურადღება გაამახვილოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ სტატუსზე, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად შეზღუდული უფლებამოსილებისა, ის სახელმწიფოს მეთაურადაა მოხსენიებული და ამ სტატუსის ფარგლებში მინიჭებული აქვს გარკვეული უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში, რომელიც არ საჭიროებს მთავრობის თანხმობას.
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე აცხადებს, რომ ქვეყნის უზენაესი კანონის მიხედვით, პრეზიდენტს მთავრობის ნებართვა საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას მაშინ სჭირდება, როცა მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს პოლიტიკური შედეგი მოჰყვება, რომელზეც კონსტიტუციის მიხედვით, პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობაა. კერძოდ, კოპალეიშვილის თქმით, სადავო ვიზიტების დროს საქართველოს პრეზიდენტი არ ახორციელებდა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას და ის მთავრობის არა ახალი, არამედ უკვე გაცხადებული პოლიტიკის მხარდასაჭერად მართავდა შეხვედრებს:
„პოლიტიკური შედეგი და პოლიტიკური ნება ამ საკითხზე გამოხატა მთავრობამ, როცა საკუთარი განაცხადი [ევროკავშირის წევრობაზე] წარადგინა. მოლაპარაკებების წარმოება არის პროცესი, რომელიც სამუშაო პროცესია, რომელიც გულისხმობს წინასწარ შეთანხმებას, ჯგუფის შექმნას, სამუშო პროცესების ჩატარებას, იდეების გაცვლას. ეს იმდენად მნიშვნელოვანი პროცესია, რომ ვერ იქნება ის ნახევარსაათიანი შეხვედრები, რომელიც პრეზიდენტმა ჩაატარა ევროპელ ლიდერებთან.
პოლიტიკური ნება ოფიციალურად უკვე გაცხადებული აქვს მთავრობას და ველოდებით კონკრეტულ შედეგებს ევროკავშირისგან. ჩვენ ყველანი ერთად გავდივართ ბეწვის ხიდზე, როდესაც ევროინტეგრაციაზე მთავრობის გაცხადებული პოლიტიკის მხარდასაჭერად ესაუბრები კოლეგებს და ამას [საპარლამენტო] უმრავლესობა კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნევს“ ,— აღნიშნავს მაია კოპალეიშვილი.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი კი, რომელიც ასევე საქართველოს პრეზიდენტს წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოში, აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყველა შეხვედრა განხილული ვერ იქნება მოლაპარაკებად და აღნიშნავს, რომ ისეთი ტიპის შეხვედრები, რომელიც ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებთან გამართა, მხოლოდ კონტაქტსა და აზრების გაცვლას მოიცავდა, რომელსაც პოლიტიკურ შედეგებამდე ქვეყანა არ მიჰყავდა, შესაბამისად, მისი შეფასებით, აღნიშნული ექცევა კონსტიტუციის ფარგლებში:
„ჩვენ თუ ვამბობთ, რომ პრეზიდენტის ნებისმიერი ქმედება, ნებისმიერი ხმის ამოღება, ნებისმიერ პირთან ფორმალური წერილის გაგზავნაც კი, თუ ყველაფერი მოცულია 52-ე მუხლით, მაშინ მათ შორის პროტოკოლური იქნება, ცერემონიული ხასიათისა თუ ისეთი წერილები იქნება, რომლებსაც არ გააჩნია პოლიტიკური დატვირთვა და მხოლოდ ურთიერთობებს მოიაზრებს, ასეთი შემთხვევებიც კი უნდა მოითხოვდეს მთავრობის ნებართვას.
ეს ნიშნავს, რომ როდესაც მილოცვის ან სამძიმრის წერილს აგზავნის პრეზიდენტი, ამისთვისაც უნდა მოითხოვოს მთავრობის ნებართვა და მივდივართ აბსურდამდე. არ არსებობს სამყაროში პრეზიდენტი, საპარლამენტო სისტემა, სადაც ეს ასეა დარეგულირებული“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
რაც შეეხება მის დახვედრას პროტოკოლის წესების დაცვით, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა საკუთარ არგუმენტად იყენებს, ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ახორციელებს თუ არა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, საქართველოს პრეზიდენტი ამ სტატუსის მატარებელია და სხვა ქვეყანაში მაინც შესაბამისი პატივით დახვდებიან:
„მასპინძელი ქვეყნის მხრიდან პროტოკოლის წესის დაცვით მიღება და დახვედრა ვერ გამოდგება იმის დასტურად, რომ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებდა. პროტოკოლის დაცვა პატივისცემის გამოხატულებაა როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ასევე საქართველოს მიმართ“, — ამბობს ჩუგოშვილი.
ამასთან, ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ ზურაბიშვილისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ამ ვიზიტების ჩასატარებლად მთავრობის ნებართვა არ სჭირდებოდა, თუმცა მაინც მიმართავდა წერილობით, რადგან მიიჩნევდა, რომ ეს იყო ხელისუფლების სხვადასხვა შტოებთან ერთობლივი საქმიანობის შესაძლებლობა:
„პრეზიდენტს ჰქონდა სურვილი, მისი თითოეული ვიზიტი ყოფილიყო არა მხოლოდ მისი, არამედ იქ წარმოდგენილი ყოფილიყვნენ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე პარლამენტის წევრები. ის ყველა წერილში პირდაპირ უთითებდა 52-ე მუხლს, მაგრამ ეს არ ნიშნავს- რომ არ მიემართა, ან არ მიეთითებინა, არ ექნებოდა უფლება ვინმეს შეხვედროდა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანაში არ არსებობს კოორდინაციის მექანიზმი. აცხადებს, რომ მას არ ელაპარაკება მთავრობა იმაზე, თუ რას აკეთებს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. მას არ აქვს პრაქტიკული მექანიზმი, კოორდინირებულად დაინახოს, რას აკეთებს პარლამენტი, მთავრობა და თვითონ განსაზღვროს, რით დაეხმაროს მათ. სწორედ ამიტომ ჩამოუყალიბდა ასეთი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც მიმართავდა ამ მუხლით, როდესაც ასეთი ვიზიტებში მიდიოდა“, — აღნიშნავს ჩუგოშვილი.
30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.
აღნიშნული განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტისთვის მთავრობას ევროპაში ვიზიტებზე თანხმობა არ მიუცია. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებიდან ირკვევა, პრეზიდენტს, ევროპის ქვეყნების გარდა, უარი უთხრეს უკრაინაში ვიზიტზე, ასევე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში ვიზიტებზეც.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობდნენ, რომ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტებით კონსტიტუციას არღვევს. როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პრეზიდენტისთვის ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის უარი „საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან დაკავშირებულ რისკებთან არის დაკავშირებული“.
იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევას დაუდგენს, პარლამენტს შეუძლია მის იმპიჩმენტს კენჭი უყაროს. ამისთვის კი „ქართულ ოცნებას“ 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში 100 დეპუტატი არ არის, შესაბამისად, მხოლოდ უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ შეძლებს.