ახალი ამბები

მდინარაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებას „ცინიკურს“ უწოდებს

2 ოქტომბერი, 2023 • 1846
მდინარაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებას „ცინიკურს“ უწოდებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე USAID-ის პროგრამასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადებას „ცინიკურს“ უწოდებს.

მისი თქმით, USAID-მა მკაფიო განმარტებები უნდა გააკეთოს, აშშ-ის საელჩოსგან კი მკაფიო განმარტებები ვერ მოისმინეს.

„ამის ნაცვლად მოვისმინეთ, გადაჭარბების გარეშე რომ ვთქვათ, ცინიკური განცხადება.  მაგალითად, იმის შესახებ, რომ თურმე ჩვენ რაც მოვისმინეთ, ის ტექსტი, არ ყოფილა და ახალგაზრდების რევოლუციისთვის მზადება კი არ ყოფილა, თურმე „კანვასთან“ თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას.

თუ ეს მოცემულობა მართალია, მაშინ ჩვენ ვართ მტყუანები, საქართველოს ყველა მოქალაქეს, დღეს რაც ვნახეთ ჩანაწერებში, მოგვეჩვენა ეს ყველაფერი, არ ყოფილა რევოლუციაზე საუბარი და რევოლუციის პრაქტიკულ გაზიარებაზე საუბარი, ახალგაზრდების ჩართულობაზე არ ყოფილა საუბარი, რომ მათ დასაკარგი არაფერი აქვთ, როგორ უნდა აიღონ პარლამენტი, ამაზე კი არ ყოფილა საუბარი…. საქართველოს მოქალაქეებს გვეუბნებიან, რომ იყო ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებაზე და ხანდაზმული მოქალაქეების უფლებების ადვოკატირებაზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორონ და თქვან, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს მეგობრები მართლები არ არიან

ამ დონის ცინიზმი მივიღეთ დღეს, სამწუხაროდ, და როდესაც საუბარია ჩვენს მეგობარზე, დიახ, ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ სიმართლეს და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი მეგობრები ამ შემთხვევაში არ არიან მართლები. ჩვენ ამ დისკუსიაში შევდივართ და ვითხოვთ, განსაკუთრებით მეგობრისგან უფრო გვაქვს მოთხოვნის უფლება, კონკრეტულ განმარტებას, რატომ აფინანსებდნენ ძალისმიერ რევოლუციურ მოდელს და მის ტრენინგებს საქართველოში, ამაზე გაგვცენ პასუხი“, – განაცხადა მდინარაძემ.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, USAID-ის პროგრამის ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ.

ამის შესახებ დღეს, 2 ოქტომბერს, სუს-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც USAID-ის პროგრამის ფარგლებში კულტურის სფეროში მომუშავე ჯგუფებისთვის ჩატარებული ტრენინგებიდან ფარული ჩანაწერი აჩვენეს.

სუს-ის თანახმად, სერბი ტრენერები, სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი,  25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ. სუს-ის განცხადებით, აღნიშნული პირები დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

როგორც სუს-ში აცხადებენ, ისინი „აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას“.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნული პირები წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “კანვას საქართველო“ ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, USAID-ის პროგრამის ფარგლებში  სერბეთის მოქალაქეები საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ.

ორგანიზაცია სუს-ის დღევანდელ განცხადებას აფასებს ზეწოლად ორგანიზაციის მიმართ. სუს-ის მიერ დასახელებული პირები კანვასის წევრები არიან.

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, USAID-ის პროგრამასთან დაკავშირებით სუს-ისა და მმართველი გუნდის განცხადებების მიერ გახმიანებული ბრალდებები მცდარია.

საელჩოს განცხადებით, მოქალაქეების უფლება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები, ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ის ღირებულებაა, რომელსაც საქართველოც და აშშ-ც იზიარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი