„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც აქციებზე კარვის გაშლის წესს ამკაცრებს, ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თვალსაზრისით უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
იურისტის თქმით, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა ნათელი და ცხადია. ქურდოვანიძის თქმით, კანონში ამჟამად არსებული ჩანაწერები ისედაც კარგ შესაძლებლობას იძლევა იმისათვის, რომ თუ პოლიცია საფრთხეს დაინახავს, შესაბამისი რეაგირება იქონიოს. შესაბამისად, საიას თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ დღეს დაინიცირებული კანონპროექტი პირდაპირაა მიმართული იმისკენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული მდგომარეობა გაუარესდეს, რითაც შესაძლებელია საფრთხე შეექმნას საქართველოს მომავალს ევროსტრუქტურებში:
„ამით შეიძლება საფრთხე შეექმნას მათ შორის იმას, თუ რა შეფასებას მიიღებს საქართველო 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით და წლის ბოლოს მიიღებს თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ამ ტიპის ცვლილებები და ინიციატივები ზღუდავს ქვეყანაში სივრცეს აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, რომ მათ თავისუფლად გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები, მათ შორის, შეარჩიონ გამოხატვის ფორმები.
შეკრება და კარვის გამოყენება ეს არის ჩვეულებრივი მეთოდი, შეკრების უფლების შემადგენელი ნაწილი. ამ ფორმით აქცია საქართველოში არაერთხელ გვინახავს და გვახსოვს. მათ შორის არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც ჩაითვალა, რომ კარვის განთავსება არის ნებადართული და ეს კონსტიტუციასთან შესაბამისად შეფასდა. ამიტომ ამ ტიპის რეგულაციები არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიზანმიმართული ნაბიჯები და ეს დემოკრატიის მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს შედეგად“, — ამბობს ქურდოვანიძე.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებების მიზანი პროტესტისას კარვის ნებისმიერი ფორმით გამოყენების ფაქტობრივი აკრძალვაა, რაც კანონპროექტში მოყვანილი ბუნდოვანი ჩანაწერებით სამართლებრივად გამართლდება:
„ძალიან ეშინია ხოლმე ხელისუფლებას კარვის რატომღაც და ყველანაირი ფორმით ცდილობენ პროტესტის შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება კარვით განვითარდეს, შეუშალონ ხელი. ასეთი არაერთი შემთხვევა გვახსოვს სხვადასხვა მიზეზით. ახლა უბრალოდ ეს გამართლდება სამართლებრივადაც ამ ახალი ცვლილებებით და უკვე პოლიციას კანონში ჩაწერილი საფუძველი ექნება იმისა, რომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ბუნდოვან ეჭვებსა და საფუძვლებზე მითითებით შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება“ ,— აღნიშნავს იურისტი.
ქურდოვანიძის თქმით, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლების ფარგლებში თავად აირჩიონ, თუ რა ფორმით და როგორ გამოხატავენ პროტესტს. მისი თქმით, როდესაც ხელისუფლება ამ ფორმით აღნიშნულის რეგულირებას იწვევს, ეს არღვევს არა მხოლოდ საერთაშორისო დონეზე არსებულ სტანდარტებს, რომელიც კონსტიტუციითაც არის გარანტირებული, ასევე ეროვნულ დონეზე სასამართლო პრაქტიკასაც ეწინააღმდეგება:
„თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის გადაწყვეტილებაც შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც „პარტიზანი მებაღეების“ წარმომადგენლებს არ აძლევდნენ მერიის წინ კარვის განთავსების უფლებას. ჩვენ ამ საკითხზე ვეხმარებოდით მათ, სასამართლოში მოვიგეთ ეს საქმე და დადგინდა, რომ კარვის განთავსებაც იყო ნებადართული და კონსტიტუციით გარანტირებული. ახლა ამ მდგომარეობის გაუარესება მოხდება ამ ცვლილებით და ეს სტანდარტები, რომელიც პრაქტიკაში მაინც პრობლემა იყო, კანონმდებლობითაც გაფორმდება, რომ აკრძალულია და ეს, სამწუხაროდ, გააუარესებს ქვეყანაში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას“, — აცხადებს საიას თავმჯდომარე.
„ქართული ოცნება“ ამკაცრებს კანონს შეკრების და მანიფესტაციისას დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შესახებ.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მმართველი პარტიის დეპუტატებმა პარლამენტში უკვე დააინიცირეს. ავტორები კანონის გამკაცრების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება.
კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:
- საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
- ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
- იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
- შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
ამასთანავე, კანონპროექტის მიხედვით, საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს. ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.
კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
განმარტებითი ბარათი თანახმად, კანონპროექტის მომზადების პროცესში ავტორებს კონსულტაციები არავისთან გაუვლიათ (სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში).