ახალი ამბები

არ გამოვლენილა კონკორდატით დისკრიმინაციულად სარგებლობის ფაქტი – იოსელიანი ჯარზე

2 ოქტომბერი, 2023 • 1178
არ გამოვლენილა კონკორდატით დისკრიმინაციულად სარგებლობის ფაქტი – იოსელიანი ჯარზე

სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის განცხადებით, ამ ეტაპზე ვერ იტყვის, არის თუ არა თავდაცვის კოდექსი დისკრიმინაციული.

ამის შესახებ მან დღეს, 2 ოქტომბერს, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. იოსელიანს „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ ჰკითხეს, მიაჩნია თუ არა დისკრიმინაციულად პარლამენტის მიერ გასულ თვეში მიღებული თავდაცვის კოდექსი, რადგან განურჩევლად აღმსარებლობისა,  ყველა სასულიერო პირს აღარ ექნება სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების უფლება და ამას ჩაანაცვლებს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით.

თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს კვლავ უნარჩუნდებათ სამხედრო ვალდებულების მოხდისგან გათავისუფლების შესაძლებლობა კონკორდატის გამო.

როგორც იოსელიანი ამბობს, სახალხო დამცველის აპარატს ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია შემთხვევა, როცა მართლმადიდებელი პირი სამხედრო სამსახურის გადასავადებლად კონკორდანტით სარგებლობს.

„ჯარის საკითხთან დაკავშირებით ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ ჯერჯერობით ვერ დავინახეთ, ვინმე კონკორდატით გათვალისწინებული პრივილეგიით იმდაგვარად სარგებლობს ან საერთოდ სარგებლობს. ჩვენ გამოვითხოვეთ ამაზე ინფორმაცია და კონკორდატით გათვალისწინებული ჩანაწერით სარგებლობის ფაქტები პრაქტიკულად არ არის. ამიტომ ჩვენ სამომავლოდ დავაკვირდებით, ახალი კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციები რა შედეგს გამოიღებს და თუ დავინახავთ რაიმე ტიპის დისკრიმინაციას, ბუნებრივია, ეს ჩვენი მანდატის ნაწილია და გვექნება შესაბამისი რეაგირება. ჯერჯერობით, დღემდე ასეთი გამოვლენილი ფაქტი, რომ რომელიმე მართლმადიდებელ სასულიერო პირს კონკორდატის ჩანაწერით დისკრიმინაციულად ესარგებლა, ასეთი არ დაფქსირებულა სახალხო დამცველის აპარატში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.


თავდაცვის კოდექსით „მღვდელმსახურის“ სტატუსის ქონა აღარ ითვლება სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების საფუძვლად და არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების სასულიერო პირებს მოუწევთ სამხედრო სამსახურის ალტერნატიული, არასამხედრო ფორმით გავლა.

თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს კვლავ უნარჩუნდებათ სამხედრო ვალდებულების მოხდისგან გათავისუფლების შესაძლებლობა, რადგან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება(კონკორდატი) არსებობს.

სასულიერო პირების მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით თავდაცვის კოდექსის ჩანაწერს არასამთავრობო ორგანიზაციები დისკრიმინაციულა აფასებენ.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) შეფასებით, ამ ამ ტიპის ცვლილებებმა კანონმდებლობაში ახალი დისკრიმინაცია გააჩინეს. TDI-ის განცხადებით, მართალია, ამ დრომდე მოქმედი კანონმდებლობით, მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებზე ვრცელდებოდა სამხედრო ვალდებულებისგან სრულად გათავისუფლების უფლება, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი რელიგიური გაერთიანების სასულიერო პირზე სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების უფლება, პრაქტიკაში შედეგი მაინც იგივე დგებოდა – ისინი სარგებლობდენ უფლებით, არ გაიარონ სავალდებულო სამხედრო სამსახური.

ერთი რელიგიის სასულიერო პირებისთვის უფლებრივი პრივილეგიის მინიჭებად დისკრიმინაციულად მიიჩნევს საიაც. ორგანიზაციის შეფასებით თავდაცვის კოდექსის აღნიშნული ჩანაწერ ადამიანის უფლებათა სამართლის პერსპექტივით, დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. საია მიჩნევს, რომ თავდაცვის კოდექსის ამ ჩანაწერით ხდება არსებითად თანასწორი პირების, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების მღვდელმსახურების უთანასწორო მოპყრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი