ახალი ამბები

მადლობის მეტი USAID-ის მიმართ ნამდვილად არაფერი მეთქმის – იოსელიანი

2 ოქტომბერი, 2023 • 1483
მადლობის მეტი USAID-ის მიმართ ნამდვილად არაფერი მეთქმის – იოსელიანი

„ძალიან ბევრ რამეში ეხმარება სახალხო დამცველის აპარატს და მადლობის მეტი USAID-ის მიმართ ნამდვილად არაფერი მეთქმის“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მოსმენისას განაცხადა.

იოსელიანს კითხვა ენმ-ის წევრმა ანი წითლიძემ დღეს, 2 ოქტომბერს, სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაუსვა. კერძოდ, წითლიძემ იოსელიანს ჰკითხა, თვლის თუ არა, რომ USAID და აშშ საქართველოში გადატრიალებას გეგმავდნენ.

„USAID-თან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ერთ -ერთი ძირითადი პარტნიორია, რომელთანაც გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება. ძალიან კარგი ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს ამ ორგანიზაციასთან. ძალიან ბევრ რამეში ეხმარება სახალხო დამცველის აპარატს და მადლობის მეტი USAID-ის მიმართ ნამდვილად არაფერი მეთქმის“, – განაცხადა იოსელიანმა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, USAID-ის პროგრამის ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ.

ამის შესახებ დღეს, 2 ოქტომბერს, სუს-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც USAID-ის პროგრამის ფარგლებში კულტურის სფეროში მომუშავე ჯგუფებისთვის ჩატარებული ტრენინგებიდან ფარული ჩანაწერი აჩვენეს.

სუს-ის თანახმად, სერბი ტრენერები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი საქართველოში 25 სექტემბერს USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ. სუს-ის განცხადებით, აღნიშნული პირები დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

როგორც სუს-ში აცხადებენ, ისინი „აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას“.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნული პირები წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.

სუს: USAID-ის პროგრამით თბილისში „რევოლუციური სცენარისთვის“ტრენინგებს ატარებდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი