ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქომ ყარაბაღის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ძებნაში გამოაცხადა

2 ოქტომბერი, 2023 • 2046
ბაქომ ყარაბაღის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ძებნაში გამოაცხადა

ყარაბაღის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა ყარაბაღის 2020 წლის 44- დღიანი ომის დროს ქალაქ განჯაზე სარაკეტო თავდასხმის საქმეზე. ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურორატურამ გაავრცელა.

არაიკ არუთუნიანი დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან 2023 წლის პირველ სექტემბერს გადადგა.

აზერბაიჯანის ხელისუფლება, ჯერ კიდევ 2023 წლის 19 სექტემბრამდე, როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის, ასევე დე ფაქტო ხელისუფლების სხვა წევრების ბაქოსთვის ჩაბარებას მოითხოვდა.

2023 წლის 19 სექტემბრის შემდეგ შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გამო, არცახის რესპუბლიკა [თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა] პირველ იანვარს არსებობას შეწყვეტს – შესაბამის განკარგულებას, სომხური მედიის ცნობით, ხელი მოაწერა ახალმა დე ფაქტო პრეზიდენტმა სამველ შახრამანიანმა. განკარგულების მიხედვითვე, “2024 წლის პირველი იანვრიდან ყველა სახელმწიფო უწყება და ორგანიზაცია წყვეტს არსებობას. ასევე, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა, მათ შორის რესპუბლიკის მიღმა მყოფი, გაეცნობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს დამოუკიდებელი და ინდივიდუალური გადაწყვეტილების მისაღებად, დაბრუნდნენ თუ არა მთიან ყარაბაღში”.

მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა, და დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე.

20 სექტემბერს დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, რაც ბაქომ აზერბაიჯანის მორიგ ტრიუმფად და ყარაბაღის კაპიტულაციად გამოაცხადა. ამასთან, აზერბაიჯანმა ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის გეგმასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაიწყო საუბარი, თუმცა, ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ ცხოვრებაზე უარს ამბობენ და სომხეთში, იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსით გადადიან საცხოვრებლად. ამ მოვლენებამდე ყარაბაღში 120 ათასი ეთნიკურად სომეხი ადამიანი ცხოვრობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი