ახალი ამბები

ნათია თურნავა დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

29 სექტემბერი, 2023 • 2190
ნათია თურნავა დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, დღეს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი თავად ავრცელებს.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეხვედრის მთავარი თემა საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა იყო. განცხადების ავტორების თქმით, ბრიტანეთის ელჩმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან მიიღო დეტალური ინფორმაცია განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესის სრულყოფას და ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს.

„ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა შედგა მარკ კლეიტონთან. დიდი ბრიტანეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მასთან თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტულია. ელჩს გავაცანი სანქციების შესრულების წესში განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებული ჩვენი არგუმენტები. გამოვთქვი მზადყოფნა, რომ მომავალშიც ინტენსიურად ვითანამშრომლებთ რეგულაციების დახვეწაზე, იმისათვის, რომ ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნას. ბატონ კლეიტონს საერთაშორისო ვალდებულების მიმართ ჩვენი ერთგულება კიდევ ერთხელ დავუდასტურე. აღვნიშნე, რომ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.


აშშ-მა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოაქვეყნა.

აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.

აშშ-ის მიერ სანქცირების შემდეგ ოთარ ფარცხალაძისთვის  საქართველოში ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არაკონსტიტუციური უწოდა. კობახიძის ამ განცხადებას კი ეროვნული ბანკის მიერ სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა მოჰყვა. აღნიშნულ ბრძანებას სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აწერს ხელს.

ცვლილებების თანახმად, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი