აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბიშკეკში გამართულ შეხვედრაზე ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შემდგომი ნაბიჯები, ასევე „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტის განხორციელება განიხილეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„ლიდერებმა აღნიშნეს 2025 წლის 8 აგვისტოს გამართული ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის ხელმოწერილი და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დადასტურებული ერთობლივი დეკლარაციის, ასევე შეთანხმებული ტექსტის პარაფირების ისტორიული მნიშვნელობა. საუბარია „აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამშვიდობო ნაბიჯების მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოვლინებად დასახელდა აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტი, მესამე ქვეყნებიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთში მარცვლეულისა და სხვა საქონლის ტრანზიტი, ასევე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების დამყარება.

ოფიციალური ცნობითვე, ალიევი და ფაშინიანი ასევე მიესალმნენ ბიზნესსაზოგადოებებს შორის კონტაქტებს და გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივად მომგებიანი ეკონომიკური, სავაჭრო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებზე.

„მხარეებმა აღნიშნეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციაზე მომუშავე შესაბამისი სახელმწიფო კომისიების მნიშვნელოვანი როლი და ხაზი გაუსვეს მათი მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასეს “ნდობის ჩამოყალიბებისკენ მიმართული კონტაქტები, რომლებშიც პარლამენტარები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ” და აღნიშნეს მათი წვლილი “ურთიერთნდობის გაძლიერებასა და უფრო ფართო სამშვიდობო დღის წესრიგის შენარჩუნებაში”.

„ალიევი და ფაშინიანი შეთანხმდნენ, რომ პირდაპირი ორმხრივი კონტაქტების საშუალებით გადადგან შემდგომი ნაბიჯები მდგრადი მშვიდობის განმტკიცების, ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობისა და სატრანსპორტო კავშირების განვითარების მიზნით“, – ნათქვამია ასევე განცხადებაში.