პაკისტანში, ბელუჯისტანისა და ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციებში 29 სექტემბერს მომხდარ თავდასხმებს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ათეულობით კი — დაშავდა.
BBC-ის თანახმად, პირველი აფეთქება ბელუჯისთანის ქალაქ მასთუნგის ერთ-ერთ მეჩეთთან ახლოს მოხდა მაშინ, როცა მოქალაქეები ადგილზე მოციქულ მუჰამადის დაბადების დღის აღსანიშნად იკრიბებოდნენ. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. დაიღუპა, სულ მცირე, 50 ადამიანი.
ბელუჯისტანის პოლიციის უფროსის განცხადებით, მსხვერპლთა შორისაა მაღალი რანგის პოლიციელი, რომელიც იმ დროს დაიღუპა, როცა თავდამსხმელის შეჩერებას ცდილობდა. დაშავებულთა რიცხვი 50-ს აჭარბებს.
ბელუჯისტანი, რომელიც პაკისტანის უდიდესი პროვინციაა, ირანსა და ავღანეთს ესაზღვრება. ბოლო პერიოდში იქ არაერთი თავდასხმა განახორციელეს “პაკისტანის თალიბანმა” და “ისლამურმა სახელმწიფომ”. თუმცა, როგორც BBC წერს, “პაკისტანის თალიბანმა” პარასკევის აფეთქებასთან კავშირი უარყო, დასძინა რა, რომ მისი პოლიტიკა მსგავს თავდასხმას არ ითვალისწინებს.
პარასკევს კიდევ ერთი აფეთქება ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის ქალაქ ჰანგუში, მეჩეთთან მოხდა. როგორც Al-Jazeera წერს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, დადასტურებულია 5 ადამიანის დაღუპვა. აფეთქების შედეგად მეჩეთის ჭერი ჩამოინგრა.
ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში ტერორისტული თავდასხმა ივლისშიც მოხდა, რასაც 40-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. იმ შემთხვევაში თავდამსხმელმა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის შეკრება ამოიღო მიზანში.
პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა პარასკევს მომხდარი ორივე აფეთქება ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა.