ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აზერბაიჯანს 200-მდე ყარაბაღელის დაპატიმრება სურს” – მედია

29 სექტემბერი, 2023 •
“აზერბაიჯანს 200-მდე ყარაბაღელის დაპატიმრება სურს” – მედია

მთიანი ყარაბაღიდან ორასამდე სომეხის სია აქვს აზერბაიჯანს, ვის დაპატიმრებსაც სხვადასხვა ბრალდებით გეგმავს. ამის შესახებ Reuters-ზე დაყრდნობით სომხური მედია იუწყება.

აზერბაიჯანულმა მხარემ უკვე დააკავა მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი, რომელიც  სამი მუხლით არის ბრალდებული: ტერორიზმის დაფინანსება, უკანონო შეარაღებული ორგანიზაციების შექმნაში მონაწილეობა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უკანონო შესვლა.

azatutyun.am -ის ცნობით, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაბაიანმაც განაცხადა იმის შესახებ, რომ “შესაბამისი გამოძიებისთვის” ბაქო მის ჩასვლას ითხოვს.

მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა, და დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე.

20 სექტემბერს დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, რაც ბაქომ აზერბაიჯანის მორიგ ტრიუმფად და ყარაბაღის კაპიტულაციად გამოაცხადა. ამასთან, აზერბაიჯანმა ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის გეგმასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაიწყო საუბარი, თუმცა, ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ ცხოვრებაზე უარს ამბობენ და სომხეთში, იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსით გადადიან საცხოვრებლად. ამ მოვლენებამდე ყარაბაღში 120 ათასი ეთნიკურად სომეხი ადამიანი ცხოვრობდა.

2023 წლის 19 სექტემბრის შემდეგ შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გამო, არცახის რესპუბლიკა [თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა] პირველ იანვარს არსებობას შეწყვეტს – შესაბამის განკარგულებას, სომხური მედიის ცნობით, ხელი მოაწერა დე ფაქტო პრეზიდენტმა სამველ შახრამანიანმა. განკარგულების მიხედვით, “2024 წლის პირველი იანვრიდან ყველა სახელმწიფო უწყება და ორგანიზაცია წყვეტს არსებობას. ასევე, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა, მათ შორის რესპუბლიკის მიღმა მყოფი, გაეცნობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს დამოუკიდებელი და ინდივიდუალური გადაწყვეტილების მისაღებად, დაბრუნდნენ თუ არა მთიან ყარაბაღში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი