ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

29 სექტემბერი, 2023 • 1343
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

გუშინ, 28 სექტემბერს, საღამოს, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ გაუვრცელებია.

თუმცა, როგორც პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, საუბრის მთავარი თემა ევროინტეგრაცია იყო. მათივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხიც.

„ძირითადი სასაუბრო იყო, რა და როგორ უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან შექმნილი დაბრკოლებები ამ გზაზე ვერ გადაიქცეს გადაულახავ დაბრკოლებებად[…] მის იმპიჩმენტს რაც შეეხება, ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტის იმპიჩმენტი, ეს არის საქართველოს ევროპული გზის იმპიჩმენტი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს და ამით ასრულებს რუსეთის დავალებას“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, პრეზიდენტთან საუბარი შეეხო ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასაც.

„იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაც დღეს საქართველოში არის, როდესაც ლავროვი ფარცხალაძესთან და ღარიბაშვილთან ერთად პირდაპირ უწყობენ ხელს საქართველოს რუსეთის პლატფორმად გადაქცევას, რა თქმა უნდა, ეს ყველას გვაწუხებს. ეს არის ჩვენთვის საციცოხლო გამოწვევა, ასე ფიქრობს პრეზიდენტიც“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმყოფებოდა ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც. მისი თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ეროვნულ ბანკში მიმდინარე პროცესებსაც.

„შევეხეთ მიმდინარე საკითხებსაც, მათ შორის, ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და იმ უზარმაზარ საფრთხეებს, რასაც ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეიცავს. რაც შეეხება იმპიჩმენტს, ეს ყველაზე ბოლო საკითხი იყო.[…] რა თქმა უნდა, ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ ევროინტეგრაციის პროცესს შეექმნას საფრთხე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი