საზოგადოება

პოლიციამ პარლამენტთან აქტივისტებს პლაკატები წაართვა და დაუხია — ვიდეო

1 ივნისი, 2023 • 2777
პოლიციამ პარლამენტთან აქტივისტებს პლაკატები წაართვა და დაუხია — ვიდეო

პოლიციელებმა პარლამენტთან მშვიდობიან მომიტინგეებს პლაკატები წაართვეს და დაუხიეს.

შემთხვევა 1 ივნისს, გვიან ღამით მოხდა. კადრებში, რომლებიც აქტივისტმა გელა ხასაიამ გაავრცელა, ჩანს, რომ პოლიციელები მიდიან აქტივისტებთან და პლაკატებს უხევენ.

ერთ-ერთ პლაკატზე ჩანს საქართველოს დროშა და აკაკი წერეთლის ანტირუსული ლექსის ნაწყვეტი:

„დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
ნუ, ნუ ჰფიქრობ, ჩემო მწველო,
რომ მფლობელად აღგიარო.“

პოლიციელებმა კარვის გაშლის მცდელობის გამო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს ასევე დააკავეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების საქმეზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი. კადრებში ჩანს, რომ დაკავებამდე მას პოლიციელი მივარდა, ჯერ კიდევ გაუხსნელი კარავი წაართვა და გაიქცა.

ბექა გრიგორიადისი რამდენიმე დღეა, თანამოაზრეებთან ერთად შვილის პატიმრობას აპროტესტებს და მის გათავისუფლებას ითხოვს.

ლაზარეს მამას კარვის გაშლის საშუალება არც 28 მაისს მისცეს, რასთან დაკავშირებითაც 19-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ეს იყო უკანონობა და პოლიცია არღვევდა ბექა გრიგორიადისის გამოხატვის თავისუფლებას.

ჯერჯრობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუკეთებია განმარტება, რატომ უშლიან ბექა გრიგორიადისს კარვის გაშლას, ან რატომ უხევენ პლაკატებს აქტივისტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი