ახალი ამბები

საქართველო უნდა შეუერთდეს EU-ს საგარეო პოლიტიკას, მათ შორის, სანქციებს – ლატვიის პრეზიდენტი

26 სექტემბერი, 2023 • 1574
საქართველო უნდა შეუერთდეს EU-ს საგარეო  პოლიტიკას, მათ შორის, სანქციებს – ლატვიის პრეზიდენტი

ლატვიის პრეზიდენტის ედგარს რინკევიჩის განცხადებით, საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც დღეს, 26 სექტემბერს, რიგაში იმყოფებოდა.

ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს მოუწოდა მეტი პროგრესისკენ რეფორმების განხორციელებასა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში.

ამასთან, ედგარს რინკევიჩმა აღნიშნა, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს შეუქცევად წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

„ქართული საზოგადოების მოლოდინებისა და ევროინტეგრაციის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გათვალისწინებით, საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ გამოიყენონ ისტორიული შესაძლებლობა, შეასრულონ ევროკავშირის რეკომენდაციები და მოიპოვონ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.


ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ევროკომისიის ბოლო ანგარიში აჩვენებს, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრა იკლებს. კერძოდ, 2021 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის დეკლარაციებსა და საბჭოს გადაწყვეტილებებთან მიერთების მაჩვენებელი იყო 53%, რაც 2020 წლის 62%-თან შედარებით შემცირებულია. 2022 წლის პირველ ნახევარში ამ მაჩვენებელმა კიდევ 42%-მდე დაიწია.

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრა, 12 რეკომენდაციასთან ერთად, შესაძლოა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს. რადგან ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) შესაბამისობა ყოველთვის მოეთხოვებოდა გაწევრიანების გზაზე მდგარ ქვეყნებს, თუმცა გადაწყვეტილების მიღების კონსენსუსურ სისტემაზე დაფუძნებულ კავშირში ამის საჭიროება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა ომმა ევროპაში და კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების აუცილებლობამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი