ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მთიანი ყარაბაღის დაბრუნება – ნაკლები ეიფორია აზერბაიჯანში

26 სექტემბერი, 2023 • 4677
მთიანი ყარაბაღის დაბრუნება – ნაკლები ეიფორია აზერბაიჯანში

ავტორი: ნიკა მუსავი, ბაქო


19 სექტემბერს მთიან ყარაბაღში მოულოდნელად დაწყებულ ბრძოლა, რომელსაც აზერბაიჯანმა “ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიება” უწოდა, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ფაქტიური კაპიტულაციით დასრულდა. 30 წლის შემდეგ აზერბაიჯანმა სრულად დაიბრუნა მთიანი ყარაბაღი. თუმცა ეს სულაც  არ ნიშნავს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ამოწურვას. კვლავ გაურკვეველი რჩება ყარაბაღელი სომხების ბედი, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. თუმცა უკვე შესაძლებელია “ყარაბაღის მესამე ომის” პირველად შედეგებზე საუბარი. 

აზერბაიჯანის მხრიდან დაღუპულთა ზუსტ რაოდენობაზე ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. არაოფიციალური მონაცემებით კი, 60-80 სამხედრო პირი და რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

თანამედროვე აზერბაიჯანში ბრძოლის ველზე ან ომში შემთხვევით დაღუპულებს “შაჰიდებს” უწოდებენ [რაიმე რელიგიური დატვირთვა ამ შემთხვევაში ტერმინს არ აქვს]. უკანასკნელ წლებში ჩამოყალიბდა, ჯერ კიდევ არაპოპულარული, თუმცა ხმამაღალი აზრი, რომ ამ “გაგებას” ურა-პატრიოტები იყენებენ იმისთვის, რომ რამენაირად გააუფერულონ ადამიანური მსხვერპლი. ანტიმილიტარისტებს კი ძალიან აბრაზებთ “შაჰიდად” შერაცხვით გამოწვეული აღფრთოვანება.

ორიოდე სიტყვა ანტიმილიტარისებზეც: არსებობს ინფორმაცია, რომ როგორც მინიმუმ ოთხი აზერბაიჯანელი აქტივისტი, რომელიც აკრიტიკებდა “ანტიტერორისტულ ღონისძიებას” სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა – აკრძალული ინფორმაციის გავრცელების, ტერორიზმის მხარდაჭერისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებით დააკავეს და ადმისტრაციული წესით 30 დღე-ღამით პატიმრობა შეუფარდეს. 

კიდევ ერთი აქტივისტის, აფიადინ მამედოვის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის გამოძიება შეიარაღებული თავდასხმის მუხლით დაიწყო და აღკვეთის ღონისძიებად ორი თვით პატიმრობა შეეფარდა. აფიადდინ მამედოვი, რომელიც პროფკავშირების მოძრაობის წევრია, მიმდინარე წელს უკვე მეოთხედ არის დაპატიმრებული.

აზერბაიჯანის პოლიტიკურმა ოპოზიციამ, როგორც ყარაბაღის მეორე ომის შემთხვევაში, საბრძოლო მოქმედებებს, როგორც სავალდებულო და იძულებით ღონისძიებას, ამჯერადაც მხარი დაუჭირა. თუმცა, ამჯერად, ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერი შედარებით თავშეკავებულად იქცეოდა და არმიით აღფრთოვანების პარალელურად, მმართველ რეჟიმსაც აკრიტიკებდა.

მაგალითად, აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის თავმჯდომარე ალი ქერიმლი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ჰყვებოდა, თუ როგორ დაიბარა სიკვდილის წინ ერთ-ერთმა ჯარისკაცმა, რომ მისი დაღუპვის შემდეგ ოჯახისთვის 11 ათასი მანათის [დაახლოებით, 6500$] ოდენობით კუთვნილი კომპენსაცია მის მშობლიურ სოფელში გზის მოპირკეთებისთვის დაიხარჯოს.

“სად წავიდა ასობით მილიარდი ნავთობდოლარი, თუკი სისხლის ფასად შაჰიდი ითხოვს სოფლის გზების მოპირკეთებას? ამ ბიჭის დიდსულოვნების 10% მაინც ჰქონდეს მათ, ვინც აზერბაიჯანის რესურსების ხარჯზე მილიარდერი ხდება”, – წერს ოპოზიციის ლიდერი ალი ქერიმლი.

ყარაბაღის მეორე ომის მონაწილემ, ახალგაზრდა ვეტერანთა საზოგადოებრივი გაერთიანების თავმჯდომარემ გაჯი ველიევმა კი აზერბაიჯანული არმიით აღფრთოვანების გამოხატვის შემდეგ განაცხადა, რომ ომში დაღუპულები და დაჭრილები, როგორც ყოველთვის, მცირეშემოსავლიანი ოჯახებიდან არიან. 

უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გაჯი ველიევი, რომელმაც ომში თვალი დაკარგა, ცდილობს, ჩინოვნიკებს ვეტერანებისთვის კუთვნილი დახმარება გამოსძალოს. ასევე, არაერთხელ საჯაროდ უთქვამს, რომ საკუთარ შვილებს მაღალჩინოსნები არასდროს გაგზავნიდნენ ომში, ტყვიების სამიზნედ.

მთლიანობაში განსაზღვრო აზერბაიჯანული საზოგადოების რეალური განწყობები , მათი ჩათვლით, ვისაც მიღებულია უწოდო “უბრალო ხალხი”, უბრალოდ შეუძლებელია. ამის ეფექტური ინსტრუმენტები, უბრალოდ, არ არსებობს. 

აზერბაიჯანელთა ის რაოდენობა, ვინც სოციალურ ქსელებში განიხილავს პოლიტიკურ საკითხებს, არარეპრეზენტატულია და საზოგადოების განწყობებს ბოლომდე არ ასახავს. ეს, როგორც წესი, “ნაციონალურ-პატრიოტულად” განწყობილი ხალხია. მათი უმრავლესობა, ვისი აზრიც განსხვავდება “სწორი აზრისგან”, არ მოდის თანხვედრაში სახელმწიფო პროპაგანდასთან და ამიტომ, მისი გამოთქმისგან, როგორც წესი, თავს იკავებენ. 

ამავე მიზეზით შეიძლება არასანდოდ მივიჩნიოთ ის მწირი რაოდენობის კვლევებისა და გამოკითხვების შედეგებიც ამ თემაზე. 

თუმცა ერთ-ერთი უკანასკნელი გამოკითხვა, რომელიც სექტემბრის დასაწყისში აზერბაიჯანის სოციალური კვლევების ცენტრმა ჩაატარა, აჩვენებს, რომ 390 რესპონდენტიდან 63,3% მხარს უჭერს ყარაბაღელ სომხებთან დიალოგის იდეას. თუმცა, მეორე მხრივ, ამ იდეის მხარდაჭერაზე თავად ხელისუფლებაც საუბრობს.

დამოუკიდებელი სოციოლოგები, რომელთაც ნაკლები შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე ოფიციალურ სტრუქტურებს, დასკვნებს უფრო ზედაპირულად, “თვალის ზომით” აკეთებენ.  ეს დასკვნები კი სულაც არ არის იმედის მომცემი, თუმცა მოსალოდნელია იმ საზოგადოებისგან, რომელიც ათეულობით წელია ეთნო-ტერიტორიული კონფლიქტის მდგომარებაში ცხოვრობს და მთელი ამ წლების განმავლობაში პროპაგანდით იკვებება: 

“ასეთ სიტუაციებში კონფლიქტური ტერიტორია ფეტიშად და ნაციონალური იდეისა და სახელმწიფოებრიობის საფუძვლად იქცევა. თუკი ადამიანებს ჩაუნერგავ, რომ ამ მიწების დაბრუნების გარეშე სრულფასოვანი ცხოვრება შეუძლებელია, არც სხვისი და არ საკუთარი სიკვდილიც აღარ გეჩვენება ღირებულად”, – ამბობს სოციოლოგი და სამშვიდობო ინიციატივების მონაწილე თორგულ აბბასოვი. 

ახალი ომის საფრთხის განცდა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გაჩნდა, შესაბამისად, აზერბაიჯანის მცხოვრებლები მორალურად მზად იყვნენ ამისთვის. ბევრი, რომელიც ბუნებრივ შიშსა და დაღლას განიცდიდა, მაინც დარწმუნებული იყო, რომ სომხური მხარე ამწვავებდა სიტუაციას, გამართლებულად მიიჩნევდა  “უკანასკნელ გაბრძოლებას”, რის შემდეგადაც “შვებას” იგრძნობდნენ.

და აი, “უკანასკნელი ნაბიჯიც” გადაიდგა. იგრძნო თუ არა საზოგადოებამ შვება, ამის განსაზღვრაც რთულია. თუმცა ეიფორია და სიხარული, რომელიც ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ არსებობდა, ახლა ნამდვილად არ განუცდია. მაშინ ხალხი გულწრფელად აღნიშნავდა გამარჯვებას ან იმას, რასაც გამარჯვებად აღიქვამდა – ყარაბაღის მნიშვნელოვანი ნაწილის დაბრუნება, ქალაქი შუშას ჩათვით, რომელიც სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა როგორც აზერბაიჯანელებისთვის, ასევე სომხებისთვისაც.

საზოგადობა ასევე აღსავსე იყო იმედით, რომ ყველაზე რთული უკან მოიტოვა, რომ დამყარდება მშვიდობა და დაიწყება ახალი ცხოვრება. ეს იმედებიც ძალიან მალე გაქარწყლდა. 

სუვერენიტეტის ამჟამინდელი აღდგენის სახალხო ზეიმად ქცევას არც ხელისუფლება ცდილობს და პროცესს წარმოაჩენს როგორც ერთ-ერთი წარმატებულ, თუმცა მშვიდობის მისაღწევ გზაზე ნაკლებ სასიამოვნო ოპერაციად. 

ალბათ, ერთადერთი, რაც რეალურად იძლევა სიხარულის საბაბს ყველასთვის, ისაა, რომ “ყარაბაღის მესამე ომი” მხოლოდ დღე-ღამე გაგრძელდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი