დღეს, 25 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის 4 მოწმე გამოკითხეს. მათ შორის ჩვენება მისცეს შსს-ს საექსპერტო კრიმინალური დეპარტამენტის ქიმიურმა, ავტო, ტრასოლოგიურმა და სახანძრო ექსპერტებმა.
ქიმიურმა ექსპერტმა მაკა ფიცხელაურმა სხდომაზე განაცხადა, რომ მას უნდა დაედგინა, პოლიციელ ზურაბ ლურსამანაშვილის ტანსაცმელზე იყო თუ არა ნავთობპროდუქტების კვალი. კერძოდ, ექსპერტს პოლიციელის მაისური, ჟილეტი და შარვალი გადასცეს დალუქულ მდგომარეობაში.
ფიცხელაურის თქმით, დალუქული პაკეტის გახსნისთანავე საგრძნობი იყო ნავთობპროდუქტებისთვის დამახასიათებელი სუნი. ამასთან, კვალი დადგინდა ულტრაიისფერი დასხივების გამოყენებით ჩატარებული დათვალიერებისას. ქიმიური ექსპერტიზის შედეგად კი, სპეციალისტის თქმით, მისთვის გადაცემულ სამოსზე აღმოჩნდა სახეშეცვლილი ბენზინისთვის დამახასიათებელი ქრომატოგრაფიული სურათი. ბრალდების მხარემ ექსპერტს ჰკითხა, როგორ შეიძლებოდა ნავთობპროდუქტი აღნიშნულ სამოსზე მოხვედრილიყო, რაზეც მაკა ფიცხელაურმა განაცხადა, რომ აღნიშნულის დადგენა მის კომპეტენციას სცილდება.
აღნიშნულის შემდეგ პროცესზე შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის კიდევ ერთი ექსპერტი, ირაკლი სადრაძე გამოკითხეს, რომელმაც შეისწავლა ის ავტომობილი, რომლის დაწვასაც გამოძიება ლაზარე გრიგორიადისს ედავება. ექსპერტის განცხადებით, მისი კომპეტენციის სფერო იყო, ჩაეტარებინა ტრასოლოგიური ექსპერტიზა და განესაზღვრა, რა დაზიანებები აღენიშნებოდა ავტომობილს და რისი გამოყენებით იყო ისინი გაჩენილი. თუმცა სადრაძის თქმით, ავტომობილი სრულად იყო დამწვარი, განადგურებული და კონკრეტული დაზიანებების შეფასების შესაძლებლობას არ იძლეოდა.
ავტომობილზე ჩატარებული კიდევ ერთი ექსპერტიზის ავტორმა ვლადიმერ ბერიძემ კი სასამართლოს განუცხადა, რომ ტოიოტა კოროლას მარკის ავტომობილს მხოლოდ წინა მხარე ჰქონდა შენარჩუნებული, რითაც დაასკვნა, რომ ავტომობილი დამწვარი იყო. ამასთან, ექსპერტის თქმით, დაათვალიერა ავტომობილის ელექტროგაყვანილობის დარჩენილი ნაწილიც, რამაც არ მისცა იმის ფიქრის საფუძველი, რომ ხანძარი ელექტრობის პრობლემამ გამოიწვია. მან საბოლოოდ დაასკვნა, რომ მანქანის დაწვის მიზეზი ცეცხლის ღია წყარო იყო.
ექსპერტის აღნიშნული ჩვენების შემდეგ დაცვის მხარემ მოწმეთა ჩვენებებს შორის შეუსაბამობაზე მიუთითა. კერძოდ, გრიგორიადისის ადვოკატებმა იკითხეს, როგორ მოხდა, რომ ერთსა და იმავე ავტომობილზე ორი ექსპერტიდან, რომლებიც ერთად მუშაობენ, ერთი აცხადებს, რომ ავტომობილი მთლიანად განადგურებული იყო და მასზე დაზიანებების აღმოჩენა და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა შეუძლებელი იყო, მეორე კი ამბობს, რომ გადარჩენილი წინა ნაწილით დაასკვნა დაზიანების მიზეზი და ის, თუ რამ გამოიწვია ხანძარი.
აღნიშნულის საპასუხოდ თავად ექსპერტმა თქვა, რომ სხვა ექსპერტის დასკვნას ვერ შეაფასებდა, ბრალდების მხარემ კი განაცხადა, რომ საუბარია ორ სხვადასხვა ტიპის ექსპერტიზაზე.
პროცესის დასასრულს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე იმსჯელა. ბრალდების მხარე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 20 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობას აყენებდა. საბოლოოდ, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია და ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა.
საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 22 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.
21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.