ახალი ამბები

გააგრძელებს თუ არა პოლონეთი უკრაინის შეიარაღებას? — დუდას განმარტება

25 სექტემბერი, 2023 • 3271
გააგრძელებს თუ არა პოლონეთი უკრაინის შეიარაღებას? — დუდას განმარტება

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა კვლავ ემხრობა ძველი პოლონური სამხედრო ტექნიკის უკრაინისთვის გადაცემას ახლით ჩანაცვლების შემდეგ.

დუდამ განსხვავებულად განმარტა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის განცხადება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ. 21 სექტემბერს მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინას იარაღს აღარ აწვდის, რადგან ახლა ორიენტირებულია ყველაზე თანამედროვე იარაღით საკუთარი ქვეყნის შეიარაღებაზე.

„მე სრულიად სხვაგვარად აღვიქვი პრემიერის განცხადება. ალბათ იმიტომ, რომ მე თვითონ ვესაუბრე მას, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინისთვის ტექნიკის გადაცემაზე. ორივემ ვთქვით, რომ გამორიცხულია ნებისმიერი ახალი აღჭურვილობის გაგზავნა, რომელსაც ამჟამად ვყიდულობთ, როგორიცაა K2 ჰაუბიცები ან K9 ტანკები. ეს შეიარაღება უნდა ემსახურებოდეს პოლონეთის არმიის გაძლიერებას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ საერთოდ აღარ გადავცემთ უკრაინას იარაღს“, — განაცხადა დუდამ და დასძინა, რომ არ აქვს პრობლემა, უკრაინას გაუგზავნონ ახლით ჩანაცვლებული ძველი ტექნიკა.

მატეუშ მორავიეცკის განცხადება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტაზე გაკეთდა ვარშავასა და კიევს შორის გამწვავებული დაძაბულობის ფონზე, რომელიც უკავშირდება მარცვლეულის კრიზისს.

ამის შემდეგ პოლონეთის მთავრობამ განმარტა, რომ ვარშავა აგრძელებს მხოლოდ წინასწარ შეთანხმებული საბრძოლო მასალისა და იარაღის მიწოდებას, მათ შორის, უკრაინასთან ხელშეკრულებით, სამომავლო გეგმები კი გარკვეული არ ყოფილა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა მიმართა პოლონეთს იარაღთან დაკავშირებით მორავიეცკის სიტყვების გასარკვევად.

წინაისტორია

შეგახსენებთ, რომ ვარშავამ აკრძალა უკრაინული მარცვლეულის იმპორტი პოლონეთში საკუთარი ფერმერების ინტერესების დასაცავად. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ჩაკეტა შავი ზღვის საზღვაო გადაზიდვების გზები, რომლებიც ომამდე გამოიყენებოდა. შედეგად ევროკავშირი გახდა უკრაინული მარცვლეულის მთავარი სატრანზიტო გზა და საექსპორტო ადგილი. მაისში ევროკავშირი დათანხმდა იმპორტის შეზღუდვას ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში, იმ ქვეყნების ფერმერების დაცვის მიზნით, რომლებიც ჩიოდნენ, რომ იმპორტმა გამოიწვია ფასების ვარდნა ადგილობრივ ბაზრებზე.

ზომები გულისხმობდა, რომ პროდუქციას შეეძლო გაეგრძელებინა ტრანზიტი ხუთ ქვეყანაში, მაგრამ არ გაიყიდებოდა საკუთარ ბაზრებზე.

თუმცა გასულ კვირას ევროკომისიამ განაცხადა, რომ წყვეტს იმპორტის აკრძალვას. პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა თქვეს, რომ არ დაემორჩილებოდნენ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, უკრაინამ კი მათ წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. მოგვიანებით უკრაინამ და სლოვაკეთმა შეთანხმებას მიაღწიეს ვაჭრობის ლიცენზირების სისტემის შექმნაზე, რაც გულისხმობს სლოვაკეთის მიერ ოთხი უკრაინული საქონლის იმპორტის აკრძალვის მოხსნას, ხოლო კიევის მიერ  WTO-დან სლოვაკეთის წინააღმდეგ საჩივრის გამოტანას.

გასულ კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ  ოთხშაბათს პოლონეთმა განაცხადა, რომ დაიბარა უკრაინის ელჩი უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადების გამო გაეროს გენერალურ ასამბლეაში.

მარცვლეულის ექსპორტზე საუბრისას ზელენსკიმ თქვა, რომ ზოგიერთი მეგობარი ქვეყანა „პოლიტიკურ თეატრში სოლიდარობას თამაშობს“ და მარცვლეულის მიწოდებას ტრილერად აქცევს, რითაც ეხმარება სცენის შექმნას მოსკოველი მსახიობისთვის. ვარშავამ დაგმო ზელენსკის კომენტარი, როგორც „გაუმართლებელი პოლონეთის მიმართ, რომელიც უკრაინას ომის პირველივე დღეებიდან უჭერს მხარს“.

ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ უკრაინა ისე იქცევა, როგორც ადამიანი, რომელიც იხრჩობა, ყველაფერს ეჭიდება და შეიძლება, მაშველიც ფსკერზე ჩაიყოლოს.

ზელენსკი და დუდა ერთმანეთს შეხვდნენ ნიუ იორკში, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას ორგანიზებით, რომელმაც თქვა, რომ უკრაინასა და პოლონეთს შორის არსებული უთანხმოება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოგვარდეს.

ამ თემაზე:

 

მარცვლეულის კრიზისი: კიევმა პოლონეთის ელჩი დაიბარა

მასალების გადაბეჭდვის წესი