ახალი ამბები

მელიამ პოლიციის პროვოცირება მოახდინა – ოდიშარია

24 სექტემბერი, 2023 • 1296
მელიამ პოლიციის პროვოცირება მოახდინა  – ოდიშარია

„ქართული ოცნების“ წევრი ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ ნიკა მელიამ, რომელიც 22 სექტმბერს დააკავეს, პოლიციის პროვოცირება მოახდინა.

ოდიშარიას თქმით, მელია პოლიციასთან პირდაპირ კონტაქტში შევიდა და ხელით შეეხო.

„რაც შეეხება ნიკა მელიას თუ სხვას, რაც არ უნდა ადამიანები მავნებლები იყვნენ ან პროვოკატორები, ციხისთვის მე არავინ მემეტება. თუმცა მან მოახდინა პოლიციის პროვოცირება. იქ ჩანს, რომ პირდაპირ ხელჩართულ ბრძოლაში გადავიდა. თქვენ წარმოიდგინეთ აშშ-ში ან დიდ ბრიტანეთში, რომ ვინმემ მუშტი-კრივით დაუპირისპირდეს პოლიციას, იქ რა მოხდება – გაცილებით მწვავე რეაქცია იქნება, ჩვენი პოლიციელები მაინც ქართველები და კაცთმოყვარენი არიან“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.


22 სექტემბერს გლდანში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ასევე ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავეს.  ისინი იმყოფებოდნენ გლდანში, ადგილზე, სადაც მანამდე თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს. თუმცა მოგვიანებით შსს-მ განცხადა, რომ სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

რაც შეეხება ეძგვერაძეზე თავდასხმას, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დაკავეს.

თავად ირაკლი ეძგვერაძე აცხადებს, რომ თავდასხმა თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარის, კონსტანტინე ზარნაძის ორგანიზებული იყო. ეძგვერაძე თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე საკრებულოს სხდომაზე ის ზარნაძე და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ეძგვერაძის თქმით, თავდასხმისას მას უთხრეს, რომ ეს საკრებულოს უკავშირდებოდა.

„რომ მირტყამდნენ, [მითხრეს] არ მოისვენე, ეს გინდოდაო… ზარნაძის გვარიც ახსენეს და ა.შ.“, – აცხადებს ირაკლი ეძგვერაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი