ახალი ამბები

ეძგვერაძის თქმით, მასზე თავდასხმა კონსტანტინე ზარნაძის ორგანიზებული იყო

22 სექტემბერი, 2023 • 1957
ეძგვერაძის თქმით, მასზე თავდასხმა კონსტანტინე ზარნაძის ორგანიზებული იყო

ენმ-ის წევრი, საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე, რომელსაც დღეს, 22 სექტემბერს ფიზიკურად გაუსწორდნენ, აცხადებს, რომ თავდასხმა თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარის, კონსტანტინე ზარნაძის ორგანიზებული იყო. ამის შესახებ მან TV პირველთან, კლინიკიდან პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა.

მისი თქმით, ფიზიკურად გაუსწორდნენ როგორც მას, ასევე მის თანმხლებ პირებს:

“ჩემი მეგობრები, ჩემი ძმისშვილის მეგობრები, 20 წლის ბიჭი [იყო ადგილზე], ძირს დააგდეს ბავშვები. ბავშვებთან, მოზარდებთან, მშობლებთან და ქალებთან ერთად უმოწყალოდ გვისწორდებოდნენ.

მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ხელისუფლება ასე ვერ გაძლებს. 100%-ით ხელისუფლების დაკვეთით მოხდა. მწვანე შუქი აუნთეს ამ ყველაფერს იმის გამო, რომ დღეს, ალბათ, კარგად მოგეხსენებათ, რაც მოხდა საკრებულოს სხდომაზე… კოტე ზარნაძის თაოსნობით მოხდა ეს ყველაფერი და ზემოთ, ალბათ, კალაძე და ეს კრიმინალური დაჯგუფება, ეს ავაზაკები და ლაჩრები”, — განაცხადა მან.

ეძგვერაძის თქმით, თავს 30-მდე ადამიანი დაესხა, მათ შორის რამდენიმეს ამოცნობა შეძლო:

“ერთი შუკაკიძე, კანონიერი ქურდი, რომელიც გლდანშია. სამწუხაროდ, მე მასთან მაკავშირებდა რაღაც ურთიერთობა, რაღაცაზე მეტიც მაკავშირებდა. ერთი მისი ძმა იყო, რომელიც გამოირჩეოდა აგრესიით”, — თქვა ეძგვერაძემ.

უთხრეს თუ არა თავდამსხმელებმა, რომ ეს საკრებულოს უკავშირდებოდა, ეძგვერაძემ უპასუხა:

“კი, კი, რომ მირტყამდნენ, არ მოისვენე, ეს გინდოდაო… ზარნაძის გვარიც ახსენეს და ა.შ.”

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მას კლინიკაში შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარეს და ახლა პასუხებს ელოდება.

მანამდე, დღეს, საკრებულოს სხდომაზე “ქართული ოცნების” წევრი, კონსტანტინე ზარნაძე და ირაკლი ეძგვერაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებამდე ეძგვერაძემ ზარნაძეს არარაობა უწოდა, ზარნაძემ კი მას დროშები ესროლა.

“ნეტგაზეთი” კონსტანტინე ზარნაძესთან დაკავშირებას ცდილობს.

“პიროვნულად მასთან ვის რა პრობლემა აქვს, მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ გაუგონარი ამბავია… რას ამბობთ, რომ სცემეს ახლა ირაკლის?… ქალაქიდან გასული ვარ, წავკისში ვარ და შემიძლია მივიდე და ვნახო. რას ამბობთ… ცხოვრებაში არ მიჩხუბია”, — უთხრა ზარნაძემ “ფორმულას”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი