ახალი ამბები

მეტელკინა/ბერულავას ოქრო ბუდაპეშტში და უკრაინული წყვილის უარი ხელის ჩამორთმევაზე

24 სექტემბერი, 2023 •
მეტელკინა/ბერულავას ოქრო ბუდაპეშტში და უკრაინული წყვილის უარი ხელის ჩამორთმევაზე

ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა, 22 სექტემბერს, ბუდაპეშტში გამართულ ფიგურულის სრიალის იუნიორების გრან პრის ეტაპზე ოქროს მედალი მოიგო. საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილი პირველ ადგილზე გავიდა როგორც მოკლე, ისე თავისუფალი პროგრამის შემდეგ, რის შედეგადაც, მათ 36 ქულით გაუსწრეს მეორე ადგილოსან უკრაინულ წყვილს და გადავიდნენ გრან პრის ფინალში.

უკრაინული წყვილის პროტესტი – არჩამორთმეული ხელი საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილისთვის

დაჯილდოების ცერემონიალზე, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა წყვილმა დაიკავა ვერცხლის მედალოსნის ადგილი კვარცხლბეკზე, მეტელკინა და ბერულავა კი – უკრაინულ წყვილთან მივიდნენ მისალოცად, სიეროვამ და ხობტამ უარი თქვეს ხელის ჩამორთმევასა და მილოცვის მიღებაზე.

იმის მიუხედავად, რომ მეტელკინა/ბერულავას წყვილი საქართველოს სახელით ასპარეზობს, ომის დაწყების შემდეგ ისინი ისევ რუსეთში (პერმში) ვარჯიშობენ. ორივე სპორტსმენი რუსეთშია დაბადებული, ბერულავასგან განსხვავებით კი – მეტელკინა კარიერის დასაწყისში რუსეთის სახელითაც გამოდიოდა.

უკრაინელი სპორტსმენების პროტესტი

სპორტის სხვადასხვა შეჯიბრებებში, სადაც რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ჯერ ისევ ასპარეზობენ, უკრაინელი სპორტსმენები უარს ამბობენ მათთან ნებისმიერ კომუნიკაციაზე. რამდენიმე თვის წინ, ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე მოგებული შეხვედრის შემდეგ, ხელის ჩამორთმევის ნაცვლად, უკრაინელმა მოფარიკავე – ოლჰა ჰარლანმა, დაშნა გაუწოდა რუს მეტოქეს, რის გამოც იგი მოხსნეს ტურნირიდან.

ერთ-ერთი სპორტი, სადაც რუსი სპორტსმენები ისევ ასპარეზობენ, ჩოგბურთია.  მათ და ბელარუს ჩოგბურთელებს საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაციამ მხოლოდ დროშის ტარების უფლება ჩამოართვა. უკრაინელი ჩოგბურთელებმა კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუს და ბელარუს სპორტსმენებს არ ჩამოართმევენ ხელს თამაშის შემდეგ.

რამდენიმე კვირის წინ – ამერიკის ღია პირველობაზე კარიერის ბოლო თამაში ითამაშა ბელგიის სახელით მოასპარეზე უკრაინელმა ჩოგბურთელმა მარია ზანევსკამ, რომელმაც არ ჩამოართვა ხელი ბელარუს არინა საბალენკას:

„ვიცი, რომ ბელგიის სახელით ვასპარეზობ, მაგრამ მთელი ჩემი ოჯახი უკრაინაშია. ჩემი ოჯახი ბრძოლის წინა ხაზზეა და ვფიქრობ, მისთვის [საბალენკასთვის] ხელის ჩამორთმევა იქნებოდა მათთვის სახეში შეფურთხების ტოლფასი”, – თქვა თამაშის შემდეგ ზანევსკამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი