ახალი ამბები

ანასტასია გუბანოვამ მოიპოვა ვერცხლის მედალი ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატზე

13 იანვარი, 2024 •
ანასტასია გუბანოვამ მოიპოვა ვერცხლის მედალი ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ მოიპოვა ვერცხლის მედალი ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატზე. მოკლე პროგრამის შემდეგ ანასტასია გუბანოვა მესამე ადგილზე იყო, თუმცა თავისუფალ პროგრამაში დაიკავა მეორე ადგილი, რაც საკმარისი აღმოჩნდა ვერცხლის მედლის მოსაპოვებლად.

ლიეტუვაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ფიგურული სრიალის ნაკრებისთვის ეს მეორე ვერცხლის მედალია. 11 იანვარს, საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა პირველი ვერცხლის მედალი მოუტანა ნაკრებს.

ანასტასია გუბანოვა მესამე სეზონია, რაც საქართველოს სახელით ასპარეზობს, იქამდე იგი წარადგენდა რუსეთის  ფედერაციას. 2022 წელს, მოციგურავემ საქართველოს სახელით  მოიგო ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატი.

ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატი ლიეტუვის ქალაქ კაუნასში 10 იანვარს დაიწყო და 14 იანვარს დასრულდება. საქართველოს ნაკრებს ყველა დისციპლინაში ჰყავს წარმომადგენელი: წყვილებში – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა (ვერცხლის მედალი),  ქალებში – ანასტასია გუბანოვა (ვერცხლის მედალი) და ალინა ურუშაძე (22-ე ადგილი) კაცებში – ნიკა ეგაძე (მე-7 ადგილი), ცეკვებში – დიანა დევისი და გლებ სმოლკინი (წყვილის საბოლოო შედეგი დღეს ღამე გახდება ცნობილი).

მასალების გადაბეჭდვის წესი