რუსი მოციგურავე კამილა ვალიევა დოპინგის გამო 4 – წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
„კამილა ვალიევამ დაარღვია ანტიდოპინგ რეგულაცია და სასჯელად ეკისრება 4 – წლიანი დისკვალიფიკაცია, რომელიც აითვლება 2021 წლის 25 დეკემბრიდან”, – წერია გადაწყვეტილებაში, რომელიც 29 დეკემბერს მიიღო სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ რუსი მოციგურავის, კამილა ვალიევას საქმესთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილების თანახმად, სპორტსმენს გაუუქმდება ყველა ოფიციალური შეჯიბრის შედეგი, რომელშიც მიიღო მონაწილება 2021 წლის 25 დეკემბრის შემდეგ, რაც გულისხმობს ამ პერიოდში მიღებული ჯილდოების, მედლების, ტიტულებისა და საპრიზო თანხების ჩამორთმევას.
“Kamila Valieva is found to have committed an anti-doping rule violation & sanctioned to a 4-year period of ineligibility commencing on 25 Dec 2021
“All competitive results … from 25 Dec 2021 are disqualified”
ISU & IOC will figure out the #Beijing2022 medals
Full ruling: pic.twitter.com/0qofgnRy06
— Jackie Wong (@rockerskating) January 29, 2024
2021 წლის 25 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე რუსეთის შიდა ჩემპიონატისას გაკეთებული დოპინგ- ტესტის შემდეგ, მოციგურავეს ორგანიზმში აღმოაჩნდა ნივთიერება – „Trimetazidine”, რომელიც აკრძალულია ანტიდოპინგ რეგულაციების თანახმად.
ტექსტის სინჯის პასუხი ცნობილი გახდა 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის მიმდინარეობისას, როცა „ოლიმპიურ სპორტსმენებს რუსეთიდან” (რუს სპორტსმენებს არც ამ ოლიმპიადაზე ჰქონიათ რუსეთის სახელით გამოსვლისა და დროშით ასპარეზობის უფლება) უკვე მოპოვებული ჰქონდათ ფიგურული სრიალის გუნდური შეჯიბრის ოქროს მედალი. ამბის გავრცელების შემდეგ ოლიმპიურმა კომიტეტმა სასამრთლოს გადაწყვეტილების მიღებამდე გადადო გუნდური შეჯიბრის დაჯილდოების ცერემონია.
სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ უკუაგდო 2023 წლის 24 იანვარს რუსეთის ანტიდოპინგ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, კამილა ვალიევა დისკვალიფიცირებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ რუსეთის შიდა ჩემპიონატიდან, სადაც გაკეთდა ტესტის ნიმუში. იქამდე, ამავე სააგენტომ „შეცდომად ან გაუთვალისწინებლობად” მიიჩნია კამილა ვალიევას შემთხვევა.
მსოფლიოს ანტიდოპინგ ასოციაციის (WADA) მოთხოვნით, საქმე განსახილველად გადაეცა საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS), რომელმაც თითქმის ერთი წლისთავზე კამილა ვალიევა ანტიდოპინგის რეგულაციების დამრღვევად ცნო და მიანიჭა 4- წლიანი დისკვალიფიკაცია, რომელიც აითვლება 2021 წლის 25 დეკემბრიდან.
ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების თანახმად, ვალიევას გაუუქმდება 2021 წლის 25 დეკემბრის შემდეგ მოპოვებული ყველა მედალი, რაც მოიცავს 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ოქროსა და 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრის (მოკლე და თავისუფალ პროგრამის) შედეგებს, რის შედეგადაც შეძლეს გუნდური ოქროს მედლის მოპოვება „ოლიმპიურმა სპორტსმენებმა რუსეთიდან”. საბოლოო გადაწყვეტილება ოლიმპიურ კომიტეტს ჯერ არ მიუღია, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ძალიან მაღალია რუსეთს გუნდური ოქროს მედლის გაუქმების ალბათობა.
ფოტო გარეკანზე: MIKHAIL KLIMENTYEV/ 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის შემდეგ ვლადიმერ პუტინი აჯილდოებს კამილა ვალიევას.