ახალი ამბები

პაპილომავირუსზე აცრას 45 წლამდე ქალები უფასოდ შეძლებენ

20 სექტემბერი, 2023 • 1432
პაპილომავირუსზე აცრას 45 წლამდე ქალები უფასოდ შეძლებენ

საქართველოს მთავრობის 19 სექტემბრის დადგენილებით, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 27-დან 45 წლამდე ქალებიც შეძლებენ.

დადგენილებაში შესული ცვლილებების მიხედვით, 15-45 წლის ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციას ქალები ექიმის რეკომენდაციით შეძლებენ. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაციაა შესაძლებელი შემდეგი სქემით 0 – 2 – 6 თვე.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.

ვაქცინაცია უფასოა 15 წლამდე მოზარდებისთვისაც. მათ ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით ჩაუტარდებათ.

ამასთან, პროგრამის ფარგლებში ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგოდ აცრა 10 − 26 წლის ბიჭების ასაკობრივ ჯგუფშიცაა შესაძლებელი. 15 − 26 წლის ასაკობრივ ჯგუფში − სამჯერადი ვაქცინაცია განხორციელდება შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.

მასალების გადაბეჭდვის წესი