საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
ზურაბიშვილის თქმით, ახლა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი პერიოდი ახლოვდება, სადაც მათი, როგორც საზოგადოების წარმომადგენლების როლი მნიშვნელოვანია.
„მე ჩემ თავს ვთვლი ხალხის, მოსახლეობის, საზოგადოების წარმომადგენლად, და სწორედ თქვენ მოგმართავთ, რადგან თქვენ ხართ ამ საზოგადოების აქტიური ნაწილი და გაქვთ საშუალება, რომ თქვენი ხმა მიაწვდინოთ საზოგადოებას.
და დღეს, როცა ჩვენ ერთგვარად, ევროპის კარებთან ვართ მისული, ყველამ ვიცით, რამდენად გადამწყვეტი იქნება ჩვენთვის მომენტი სტატუსის მონიჭების და არ ვიტყვი: – ან არ მოგვენიჭება – ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი! მაგრამ ცხოვრებაში თავისით არაფერი მოდის და ეს მთავარი გზა არის ის, რაც დღეს ჩვენი, თქვენი, ერთად გასავლელი გზაა“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ყველა ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იქნება ეს კულტურა, ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა, სამართლებრივი თუ ანალიტიკური სფერო:
„მე ვიქნები თქვენთან, მე ვიქნები იქ, სადაც შემიძლია და ვაგრძელებ ჩემს ვიზიტებს. მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, ვიქნები პოლონეთში, ბელგიაში ,,ევროპალიაზე“, როგორც ერთ-ერთი უძველესი ევროპული ქვეყანა. მაგრამ ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც მას შეუძლია.
ცხადია, ყველაზე დიდი როლი შეიძლება მედიას აქვს, რომ მან არ მისცეს საშუალება არავის, სხვადასხვა საკითხებით გადაიფაროს ის, რაც მთავარია და მთავარია ის, რომ ჩვენ, ყველა, ქვეყანასა და საზოგადოებას, ევროპული მომავალი უნდა, სხვა მომავალი ჩვენ არ გვაქვს და სხვა მომავალი, და ამას მინდა დღეს ხაზი გავუსვა, არ შეიძლება, რომ იყოს რუსეთი! საქართველო ამას არ დაუშვებს, მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ და არავინ არ დაუშვებს“, — განაცხადა პრეზიდენტმა.