ახალი ამბები

გადატრიალების შეთქმულებაში ბრალდებულების პასუხი სუსს

18 სექტემბერი, 2023 • 5481
გადატრიალების შეთქმულებაში ბრალდებულების პასუხი სუსს

პირები და ორგანიზაციები, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური [სუსი] ძალადობრივი სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულების ორგანიზებაში ადანაშაულებს,  ბრალდებებს უარყოფენ.

18 სექტემბრის განცხადებაში სუსი, „დადასტურებული ინფორმაციის“ საფუძველზე, ამტკიცებს, რომ გეგმის უკან დგას „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი“:

  • ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი პირები;
  • ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი;
  • „სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი“, „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი;
  • ორგანიზაცია „კანვასი“.

სუს-ის ბრალდებებს უკვე უპასუხეს მამუკა მამულაშვილმა და „კანვას საქართველოს“ ხელმძღვანელმა გიორგი მელაძემ.

„ფორმულასთან“ საუბარში მამუკა მამულაშვილმა ბრალდებები უკრაინის მხარეზე მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა და სუს-ის განცხადებას „რუსეთიდან პირდაპირ ნაკარნახევი“ უწოდა. მისივე თქმით, ამ განცხადების საფუძველზე ხელისუფლებამ შესაძლოა, რუსეთს გადასცეს ლეგიონის ის წევრები, რომლებიც საქართველოში ახლობლების მოსანახულებლად ჩამოდიან.

„ეს არის პირდაპირ ნაკარნახევი რუსეთიდან და დაკავშირებულია, პირველ რიგში, ჩვენს საქმიანობასთან – ლეგიონი გახლავთ ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფი უკრაინაში და, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი „შემაწუხებული“ ფაქტორია, რადგან ძალიან ბევრი რუსი კვდება ქართული ლეგიონის მებრძოლების ხელით. მე არ მინდა, რომ ეს ყველაფერი მიმართული და განზრახული იყოს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ჩამოდიან საკუთარი ოჯახების სანახავად.

როგორც იცით, რუსეთში ქართული ლეგიონის წევრების წინააღმდეგ სასამართლო ჩატარდა, რუსეთმა ამ ადამიანებს სხვადასხვა მუხლი მიუსაჯა. შეიძლება, ეს იყოს მცდელობა, რუსეთს გადასცენ ეს ადამიანები, ვინც საქართველოში ჩამოდის. ასე რომ, მგონია, ეს არის სუფთად რუსული ხელწერა, საქართველოს რუსული ხელისუფლება გააქტიურდა და ამით ქართული ლეგიონის დისკრედიტაციას ცდილობს“, – უთხრა მამულაშვილმა „ფორმულას“.

ორგანიზაცია „კანვას საქართველოს“ ხელმძღვანელი, გიორგი მელაძე კი ამბობს, რომ სუს-ის განცხადება ავტორიტარული სახელმწიფოების განცხადების მსგავსია და ხაზს უსვამს, რომ მისი მიზანი „აქტიური ხალხის დაშინებაა“. მელაძის თქმით, ორგანიზაცია საქმიანობას მაინც გააგრძელებს:

„სუსი ლაპარაკობს გადატრიალებებზე… რასაც ყოველთვის აკეთებს და ამჯერად ამ ყველაფერში ამატებს ორგანიზაცია „კანვასს“.
„კანვას საქართველოს“ დირექტორი ამჟამად ვარ მე და არანაირ გადატრიალებას არ ვგეგმავ. განცხადების ერთადერთი მიზანია აქტიური ადამიანების დაშინება! რასაც სუსი აკეთებს დღეს, ასეთი განცხადებები მომისმენია ავტორიტარული სახელმწიფოებისგან. მიუხედავად ყველაფრისა, მე გავაგრძელებ ჩემს საქმეს, არაძალადობრივი კამპანიების შესახებ ცოდნის გავრცელებას!“, – წერს მელაძე.

სახელმწიფო გადატრიალების მორიგი შეთქმულება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მორიგ ჯერზე გამოაქვეყნა განცხადება სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების შესახებ. უწყების განცხადებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება იგეგმება, უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით.

ოქტომბერ-დეკემბერი, სუს-ის თქმით, შერჩეულია იმიტომ, რომ უნდა გადაწყდეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭება-არმონიჭების საკითხი და შეთქმულების გეგმები გათვლილია იმაზე, რომ საქართველო სტატუსს ვერ მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი