ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ვინ მართავს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს

31 ივლისი, 2023 • 2421
ვინ მართავს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს

სტატიაში გამოყენებულია ტერმინოლოგია, რომელსაც აფხაზები და ოსები იყენებენ.  აქ გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ნეტგაზეთის პოზიციებს.


სამხრეთ ოსეთში საზოგადოება აკვირდება იმას, თუ როგორც ცდილობს პრეზიდენტი გაგლოევი ლობისტური ზეგავლენის დაძლევას და ჯანდაცვის მინისტრის აგუნდა პლიევას დათხოვნას სამსახურიდან. ამომრჩევლისთვის ამ ამბიდან ნებისმიერი გამოსავალი იქნება პასუხი კითხვაზე: მაინც ვინ მართავს სამხრეთ ოსეთს? 

სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წყაროების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა მიიღო მკაფიო გადაწყვეტილება, დაითხოვოს ჯანდაცვის მინისტრი. ის ვერ გაუმკლავდა დაკისრებულ ამოცანას – დაამყაროს წესრიგი სამინისტროში, რომელიც, როგორც რუსი აუდიტორების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მრავალრიცხოვანი პრეტენზიების ობიექტი იყო.

მოსკოველ აუდიტორებს აღიზიანებს უაზროდ გაბერილი შტატები და ჯანდაცვის უწყების ბიუჯეტი, რომელიც მილიარდ რუბლზე მეტია იმის ფონზე, რომ სამედიცინო მომსახურებების ღირებულება სულ 150 მილიონი რუბლია, ისიც თუ მოსკოვის გაბერილი ფასებით ვიხელმძღვანელებთ.

ჯანდაცვის სამინისტროს კოლოსალური ბიუჯეტის მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობა უკიდურესად დაბალი ხარისხის ჯანდაცვაზე საუბრობს, რის გამოც პაციენტები რუსეთში ან საქართველოში მიდიან სამკურნალოდ, თუკი ამის ფინანსური რესურსი აქვთ.

უწყებაში სამედიცინო პერსონალში დაჯგუფებებია. უფრო წარმატებულები ადმინისტრაციულ მხარდაჭერას იყენებენ და ერთდროულად რამდენიმე ადგილზე მუშაობენ და თვეში 250 ათას რუბლს იღებენ, იმ დროს, როდესაც ნაკლებად წარმატებულები თვიდან თვემდე 30 ათასი რუბლით ცხოვრობენ. 

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს სისტემა მინისტრ აგუნდა პლიევას ჩამოყალიბებული არ არის, და ის მის დანიშვნამდე უფრო ადრე ფორმირდა. მეორე საკითხია ის, რომ  მან ასეც ვერ შეძლო ელემენტარული წესრიგის დამყარება – კორუფცია არ შემცირებულა, შტატები კი უფრო გაიზარდა. სამაგიეროდ, ის დაუპირისპირდა კოლექტივს და სამედიცინო პერსონალი აქციებით იმუქრება, თუკი მას მინისტრის თანამდებობიდან არ დაითხოვენ. 

შესაბამისად, გაგლოევმა მის დათხოვნაზე გადაწყვეტილება მიიღო და უკვე მოძებნა კიდეც ახალი კანდიდატი მინისტრის პოსტზე. ახალ კანდიდატთან ახალ პირობებზე სასაუბროდ უკვე შედგა კიდეც მათი შეხვედრა, თუმცა ბოლო მომენტში, როდესაც უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, აგუნდა პლიევა დათხოვნის ნაცვლად, ის უბრალოდ შვებულებაში გაუშვეს.

საკადრო გადაწყვეტილება ერთი თვით გადაიდო. როგორც ცალკეული ჩინოვნიკები ირწმუნებიან, მისი დაბრუნების შემდეგ, შესაძლოა, ის არც არავინ დაითხოვოს. 

 

საქმე იმაშია, რომ პრეზიდენტი ვერ იღებს საკადრო გადაწყვეტილებებს, ის არსენ გაგლოევის, მოსკოვში მისი ნათესავისა და მთავარი ლობისტის ზეწოლის ქვეშ იმყოფება. 

ცხინვალში არსენ გაგლოევის ინტერესებს მისი სიძე – პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ალან ჯიოევი წარმოადგენს. სწორედ ისაა ის პირი, რომელიც პრეზიდენტის თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებს.

არსენ გაგლოევი

არსენ გაგლოევი

სამხრეთ ოსეთში ალან გაგლოევის არჩევის შემდეგ ისეთი პრაქტიკა ჩამოყალიბდა, როდესაც პრეზიდენტის ყველა სამსახურებრივი კომუნიკაცია მხოლოდ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მეშვეობით ხდება, სწორედ ის წყვეტს, იღებს ვის შეიძლება შეხვდეს გაგლოევი და რა თემაზე, არ უნდა შედგეს მასთან კომუნიკაცია.

ცნობილია შემთხვევა, როდესაც ალან ჯიოევმა პრეზიდენტს პრეს-კონფერენცია გაუუქმა.

ჩინოვნიკები ამბობენ, რომ პრობლემა არა იმდენად ჯიოევის ტოტალურ კონტროლშია, არამედ იმაში, რომ ჯიოევს, პრინციპში არსენ გაგლოევის ინტერესების გარდა, სხვა არაფერი აღელვებს, რაც, საბოლოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პარალიზებას ნიშნავს.

რაღაც პერიოდის განმავლობაში ეს ამბავი ფართო საზოგადოების ყურამდე არ მისულა. გაგლოევის გუნდის წევრები თავს იკავებდნენ უკმაყოფილების გამოხატვისგან, რათა პრეზიდენტისა და მისი გუნდისთვის რეპუტაციული ზიანი არ მიეყენებინათ. 

თუმცა, ამ მიზეზით ზაფხულის დასაწყისში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნამდვილი აჯანყება მაინც მოხდა, რომელიც ფიასკოთი დასრულდა. გაგლოევმა დაითხოვა ყველა, ვისზეც ჯიოევმა მიუთითა.

მხოლოდ 29 ივლისს შვიდი მაღალჩინოსანი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილესთან, სოსლან ჯუსოევთან ერთად დაითხოვეს.

ამ ამბავში მთავარი ქვაკუთხედი მთავრობის აპარატის უფროსის ალან ჯუსოევის დათხოვნაა.

ჩამოყალიბებული პრაქტიკით, მთავრობის აპარატის ხელმძღვანელს პირადად პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. თუმცა ის ალან ჯუსოევის დათხოვნაზე არც კი გაუფრთხილებიათ. თავად აპარატის ხელმძღვანელმა საკუთარი დათხოვნის შესახებ ვლადიკავკაზის აეროპორტში შეიტყო, როდესაც რეგიონთაშორის და კულტურულ საკითხებზე  რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სამმართველოს უფროსს იგორ მასლოვს ხვდებოდა. 

მოხდა სკანდალი – სამხრეთ ოსეთის მთავარ კურატორს უმუშევარი შეხვდა. ალან ჯუსოევს საერთო არაფერი ჰქონია “აჯანყებასთან”. ერთადერთი ახსნა მისი დათხოვნისა – ალან ჯიოევის სურვილი გახდა, პრემიერ კონსტანტინ ჯუსოევს მიუთითოს, ვინაა სახლში ბატონი. 

პრინციპში, სამხრეთ ოსეთის საზოგადოებამ ყველაფერი ასეც აღიქვა. ამ ისტორიის შემდეგ პრეზიდენტს შეურაცხმყოფელი მეტსახელიც დაარქვეს – “არსენ გაგლოვის ავატარი”.  

იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ მოხდა მსგავსი რამ, საჭიროა ჯერ ადგილობრივი პოლიტიკური კონკურენციის განსაკუთრებულობებზე ვისაუბროთ.

განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ სამხრეთ ოსეთის პოლიტიკის წარმატებისთვის საჭიროა ორი პირობის დაცვის შესრულება – მოსკოვისა და სამხრეთ ოსეთი ამომრჩევლის კეთილგანწყობა, თუმცა, ამასთან ისიც უნდა იყოს დაცული, რომ არ დაუშვან, ამ პირობებს შორის რაიმე წინააღმდეგობა გაჩნდეს.

ამ კუთხით საკმაოდ თვალსაჩიოა პრეზიდენტ გაგლოევის კარიერული ზრდის ისტორია.

უშიშროების [КГБ] ოფიცრის ალან გაგლოევის პოლიტიკური დებიუტი 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე შედგა და მისი სამომავლო პოლიტიკური კარიერის გაგრძელებაზე, მოსკოველი კურატორების უარით დასრულდა. 

იმ არჩევნებზე მას ტექნიკური კანდიდატის როლი უნდა შეესრულებინა იმ შემთხვევაში, თუ რუსი ურატორების მიერ დამტკიცებული ორი ძირითადი პრეტენდენტიდან [მაშინდელი მოქმედი პრეზიდენტი თიბილოვი და კრემლის პროტეჟე – პარლამენტის სპიკერი ბიბილოვი] რომელიმეს რაიმე შეემთხვეოდა.

გაგლოევმა პირობა დაარღვია: ნამდვილი წინაარჩევნო კამპანია გამართა და თითქმის ჩაშალა კრემლის გეგმა ანატოლი ბიბილოვის გაპრეზიდენტებაზე. არჩევნებზე მან ყველასთვის მოულოდნელად ხმების 10% დააგროვა, რაც КГБ-ს ოფიცრისა და არასაჯარო ფიგურისთვის დამახასიათებელი არ იყო.

რთულია განსაჯო, რა იყო წარმატებული დებიუტის მიზეზი. შესაძლოა მას ხმები მისცეს მათ, ვისაც აღიზიანებდა მოსკოვში დაგეგმილი “არჩევნები”.

ან შესაძლოა, ძველ, კრემლის ყოველმხრივ კორუმპირებული პრეტენდენტებისგან განსხვავებით, ის შეულახავი რეპუტაციის მქონე ბიჭად გამოიყურებოდა – დაიბადა და გაიზარდა ცხინვალში, გამოიარა დიდი ტრაგედია – მისი მშობლები 2008 წელს ქართული არმიის ცეცხლქვეშ დაიღუპნენ ძარის გზაზე, როდესაც ალყაშემორტყმული ქალაქიდან გამოქცევას ცდილობდნენ.

რუსი კურატორების მიერ დასმულმა შავი დაღი გაგლოევი არ შეაჩერა. არჩევნების შემდეგ ის “კანტორიდან” წამოვიდა, გახსნა საკუთარი ბიზნესი და პოლიტიკით დაკავდა. 

გაგლოევის გვარი სამხრეთ ოსეთში საკმაოდ გავლენიანია, ამიტომაც ანატოლი ბიბილოვი მას პოტენციურ საფრთხედ აღიქვამდა, და როგორც დრომ აჩვენა, არც შემცდარა.

გენერალურმა პროკურატურამ გაგლოევისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ გამოგონილი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება დაიწყო. ის ქართული სპეცსამსახურის დავალებით ტერორისტულ საქმიანობაში, კრიმინალთან კავშირში, შს მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმის ორგანიზებაში დაადანაშაულეს. საპარლამენტო არჩევნებმამდე გაგლოევი არ დაუშვეს და აუკრძალეს მისი პარტიის “ალანური კავშირის” დარეგისტრირება. ამ გზით ანატოლი ბიბილოვი მას უნებურად, სამართლიანობისთვის, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ მებროლის იმიჯს უქმნიდა.

წარმატების პირველი პირობა მიღწეულია, დარჩენილი იყო ორი – კურატორების აკრძალვების მოხსნა. 

ამ პირობის შეუსრულებლობით ცენტრალური საარჩევნო კომიტეტი არ დაუშვებდა გაგლოევს არჩევნებამდე – მას ჯერ კიდევ კანდიდატის რეგიტრაციის სტადიაზე გამოგონილი საბაბით ჩაჭრიდნენ. 

კურატორების ვეტოს დარძლევაში მას წარმატებული ნათესავი არსენ გაგლოევი დაეხმარა, რომელიც იმ დროს ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში მინისტრის მოადგილე იყო. ეს რუსული უწყება 2014 წელს შექმნის მომეტიდან და 2020 წელს მის დახურვამდე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამებს კურირებდა. 

არსენ გაგლოევი, თავის მხრივ, სერგეი ჩებოტარევის კაცია – რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის სამდივნოს უფროსის. 

ისინი 2011 წლის ნოემბერში დაახლოვდნენ. მაშინ ჩებოტარევი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეგიონთაშორის და საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურულ კავშირთა დეპარტამენტის ხელმღვანელად მუშაობდადა სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნებს კურირებდა. არსენ გაგლოვი კი –  პრეზიდენტ კოკოითის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად.

2011 წლის არჩევნებზე კრემლი ფსონს ანატოლი ბიბილოვზე დებდა, თუმცა გამარჯვება ოპოზიციის კანდიდატმა ალა ჯიოევამ მოიპოვა. საბოლოოდ, არჩევნების შედეგების გაუქმება მოუწიათ, რაც ჯიოევას მხარდამჭერების უკმაყოფილების ტალღა და თითქმის სამოქალაქო ომი გამოიწვია. 

“სამუშაოს” საკუთარი ნაწილი არჩევნების გაუქმებაზე ალან გაგლოევმა უნაკლოდ შეასრულა, რისთვის კურატორებისგან “ოქროს პარაშუტი” მიიღო – რუსეთის სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობის საკითხებში “გაზპრომის” დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა.

2018 წელს ჩებოტარევი დანიშნეს მინისტრად ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში. მოადგილედ მან საქმეში უკვე გამოცდილი არსენ გაგლოევი აიყვანა. 2020 წელს სამინისტროს ლიკვიდაციის შემდეგ, გაგლოევი “გაზპრომში” დაბრუნდა. 

ეს ისტორია ხსნის არსენ გაგლოევის ლობისტურ შესაძლებლობებს, რომლის დახმარებითაც მან შეძლო კურატორების აკრძალვის დაძლევა და ასევე, პიროვნული ეთიკური პარამეტრები, რომლითაც მან ალან გაგლოევთან შეთანხმება მოახერხა.

ამასთან, ეს ისტორია აღწერს სამხრეთ ოსეთის პოლიტიკოსის წარმატებისთვის ორი საჭირო პირობის გარდაუვალ წინააღმდეგობასაც. საქმე იმაშია რომ 2011 წელს ალა ჯიოევას და 2022 წელს ალან გაგლოევს ერთმა და იმავე ელექტორატმა დაუჭირა მხარი. მაშინაც და ახლაც ამომრჩეველი მხარს უჭერდა ხელისუფლების თავნებობას, კორუფციის წინააღმდეგ და მოსკოვის ჩაურევლობას სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ კონკურენციაში.

ამიტომ უკანასკნელ დრომდე ალან გაგლოევი მალავდა, თუ ვინ დაეხმარა მას საკურატორო ვეტოს დაძლევაში – ეს ინფორმაცია მას არჩევნებში გამარჯვების ფასად დაუჯდებოდა. 

ამ კავშირის შესახებ ცნობილი სრულიად შემთხვევით, გაგლოევის ინაუგურაციის შემდეგ გახდა. მოსკოვში ერთ-ერთმა ოსმა ტელეფონზე გადაიღო ალან გაგლოევი არსენ გაგლოევთან ერთად სეირნობისას.

იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი იძულებულია იყოს გავლენიანი ნათესავის სამსახურში, ადგილობრივებისთვის გაგლოევისა და პუტინის 16 მარტის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. 

გაგლოევის ვიზიტამდე, ცხინვალში იხილებოდა გადაუდებელი თხოვნების ნუსხა, რომლითაც გაგლოევს პუტინისთვის უნდა მიემართა. 

კერძოდ, საუბარი შეეხებოდა სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტის ინდექსაციაც. ის არ ჩატარებულა 2016 წლის შემდეგ, რის შემდეგაც რუსული რუბლის ინფლაციამ დაახლოებით, 42% შეადგინა. პარლამენტის დეპუტატები და მთავრობის წევრები დარწმუნებული იყვნენ, რომ პუტინი გაგლოევს უარს არ ეტყოდა ამ თხოვნაზე. 

უნდა განხილულიყო, ასევე, საგზაო რუკის გადახედვის საჭიროების საკითხი, რომელიც ითვალისწინებდა სამხრეთ ოსეთში საბაჟო და სხვა გადასახადების რუსეთის დონემდე ზრდას. 2020 წლის 9 იანვარს ამ რუკას ანატოლი ბიბილოვმა მოაწერა ხელი, თუმცა ვერ გაბედა ვადებულებების შესრულება – ეს პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. 

თუმცა, ზემოთჩამოვლილიდან ალან გაგლოევმა ვიზიტის დროს ვერაფერი გაიხსენა, ის მხოლოდ სამხრეთ ოსეთს გაზიფიკაციის საკითხით შემოიფარგლა, რომელიც პირველად ნუსხაში არც ყოფილა. 

ოპოზიციურმა ინტერნეტ გამოცემებმა არ დაინდეს პრეზიდენტი:” ნაცვლად მოსახლეობის ინტერესების დაცვისა, ის ემსახურება არსენ გაგლოევის ბიზნეს ინტერესებს, რომელიც მიმართულია გაზიფიკაციის პროექტის ათვისებისკენ”.

ცხადია, გაგლოევს აპატიებდნენ არსენთან სავალდებულო დაახლოებას, თუკი ის თავს დამოუკიდებელ პოლიტიკოსად წარმოაჩენდა, თუნდაც მოსკოვის მიერ დადგენილ ფარგლებში. თუმცა, ის არსენ გაგლოევის ვასალი აღმოჩნდა – რასაც მისი მხარდამჭერები არჩევნებზე არ აპატიებენ.

შედარებითვის – ”ბიბილოვის პროექტის” განხორციელებისთვის 2014-დან 2017 წლამდე პასუხს აგებდა სამხრეთ ოსეთის КГБ-ს შეფი ვიქტორ შარგაევი. ის თავიდან მას საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებაში დაეხმარა და სპიკერის პოსტის დაკავებაში, შემდეგ კი საპრეზიდენტო არჩევნებშიც. სხვა საკურატორო “პროტექციებიდან” ეს ყველაზე სუფთად ჩატარებული სამუშაო იყო – სამხრეთ ოსეთის ამომრჩეველს არაფერი უეჭვია. ხელისუფლებაში მოსვლისას კი ბიბილოვმა შარგაევი დაითხოვა. მოსკოვი შოკში იყო, თუმცა, უკვე არჩეულ პრეზიდენტს ვერაფერი მოუხერხა. 

ედუარდ კოკოითიმ 2011 წელს დემონსტრაციულად ჩააგდო კრემლის გეგმები ბიბილოვის პრეზიდენტად არჩევაზე. კოკოითის გუნდის ხმების დათვლის ელექტრონული სისტემის ოპერატორმა, რუსი პოლიტტექნოლოგების მიერ მომზადებულის ნაცვლად, სისტემაში ხმების რეალური შედეგები ჩაუშვა. კოკოითიმ ამ დემარშისთვის არჩევნებში მონაწილეობის სამუდამო შეზღუდვა დაიმსახურა. 

სამხრეთ ოსი ამომრჩეველი პოლიტიკაში გაბედულობას აფასებს. ის მზადაა, ბევრი რამ აპატიოს, თუმცა, არა სისუსტე. 

ამიტომაც დღეს ყველა უყურებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ალან გაგლოევი ხელშეუხებელი მინისტრ პლიევას მიმართ. თუ მაინც დაითხოვს, არსებობს იმედი, რომ მას ეყოფა სულისკვეთება უარი თქვას სხვისი ინტერესების მსახურებაზე, სხვა შემთხვევაში – პრეზიდენტს არ დარჩება ამომრჩევლის კეთილგანწყობის შანსი. “ავატარი” არავის სჭირდება. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი