ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ლუკაშენკო აფხაზეთსა და ბელარუსს შორის თავისუფალ ვაჭრობას უზრუნველყოფს”

15 სექტემბერი, 2023 • 2083
“ლუკაშენკო აფხაზეთსა და ბელარუსს შორის თავისუფალ ვაჭრობას უზრუნველყოფს”

ალექსანდრ ლუკაშენკო უზრუნველყოფს თავისუფალ ვაჭრობას ბელარუსსა და აფხაზეთს შორის, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ აფხაზურ მედიასთან საუბარში განაცხადა.

“ჩვენთვის ეს არის დე ფაქტო ეკონომიკური აღიარება. გამომდინარე იქიდან, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, დამოკიდებულია ბელარუსის რესპუბლიკასთან პოლიტიკური ურთიერთობების სამომავლო ტრაექტორიაზე”.

არძინბას განცხადებითვე, აფხაზეთი გეგმავს “აფხაზეთი – არაბთა გაერთიანებული საემიროების” საქმიანი საბჭოს ჩამოყალიბებას.

უკანასკნელ წლებში ბელარუსის მიერ აფხაზეთის შესაძლო აღიარებაზე ინფორმაცია მედიაში პერიოდულად ვრცელდება. დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია 2023 წლის 20 თებერვალს ბელარუსში ჩავიდა. მანამდე, 2022 წლის სექტემბერში, ლუკაშენკო აფხაზეთს ეწვია, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

მას შემდეგ ინალ არძინბამ რამდენჯერმე ისაუბრა ბელარუსის მიერ აფხაზეთის შესაძლო აღიარებით მიღებულ სარგებელზე.

“ძალიან კარგად ვითარდება დიალოგი ბელარუსის რესპუბლიკასთან. თუ ბელარუსის რესპუბლიკა აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს – ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისთვის – შექმნის აფხაზეთის იმიჯს, მოგვცემს მოლაპარაკებების წარმოების საშუალებას სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში”.

თუმცა რამდენიმე კვირის წინ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთის “აღიარების საჭიროება არ ყოფილა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი