ახალი ამბები

შოვსა და გურიაში დაღუპულ თითოეულ ადამიანზე ოჯახს 20 ათასს გადაუხდიან

15 სექტემბერი, 2023 • 2601
შოვსა და გურიაში დაღუპულ თითოეულ ადამიანზე ოჯახს 20 ათასს გადაუხდიან

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რაჭასა და გურიაში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს მთავრობა  ერთჯერადად 20-20 000 ლარით დაეხმარება, იმ მოქალაქეებს კი, რომელთა სახლებიც საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა, ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფს.

როგორც პრემიერ-მინისტრის განცხადებიდან ჩანს, ჯერჯერობით დაზუსტებული არაა, თუ რა ფორმით მოხდება გურიაში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა განსახლება. კერძოდ, უცნობია, მთავრობა თავად შეუძენს მათ სახლებს, აუშენებს თუ თანხას გადასცემს, რათა თავად შეიძინონ:

„ჩვენ გვქონდა მსჯელობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, თითოეულ გარდაცვლილზე 20 000 ლარის ოდენობით . ასევე მინდა ვთქვა, რომ გურიაში ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს დაუზიანდა სახლები, ბევრს დაენგრა.

ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა ეკონომიკურ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა მოქალაქე, ვისი სახლიც დაინგრა ან გამოუსადეგარია, უკლებლივ ყველას განსახლება მოხდება. ამ ადამიანებს ან ჩვენ შევუძენთ სახლებს, ან ავუშენებთ, ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ სახლებს“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

3 აგვისტოს რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა, რასაც 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიის დროს დაკარგულ ერთ ბავშვს ამ დრომდე ეძებენ. გურიაში კი 8 სექტემბერს მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა ჩოჩხათის თემის რამდენიმე სოფელი. მეწყრის და წყალდიდობის დროს დაიღუპა სამი, დანგრეულია, სულ მცირე, 10 სახლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი