ახალი ამბები

საფრანგეთმა Apple-ს მოსთხოვა, შეწყვიტოს iPhone 12-ების გაყიდვა

14 სექტემბერი, 2023 • 3386
საფრანგეთმა Apple-ს მოსთხოვა, შეწყვიტოს iPhone 12-ების გაყიდვა

საფრანგეთმა Apple-ს დაავალა, შეწყვიტოს iPhone 12-ის გაყიდვა ელექტრომაგნიტური გამოსხივების დასაშვებზე მაღალი მაჩვენებლის გამო.

საფრანგეთის რადიოსიხშირეების მარეგულირებელმა ორგანომ კომპანიას ასევე მოუწოდა, წესრიგში მოიყვანოს უკვე გაყიდული ტელეფონები საფრანგეთში.

როგორც BBC წერს, პარიზმა Apple-ს გაყიდული ტელეფონების ამოღება ურჩია იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული პრობლემის მოგვარება სისტემის განახლებით (software update) ვერ მოხერხდება.

Iphone 12 2020 წლის სექტემბერში გამოვიდა და ჯერაც იყიდება მსოფლიო მასშტაბით. Apple-მა BBC-ს უთხრა, რომ არ ეთანხმება საფრანგეთის მარეგულირებლის დასკვნას. კომპანიის განცხადებით, მარეგულირებელ უწყებას მიაწოდეს როგორც Apple-ის, ისე სხვათა მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგები, რომელთა თანახმადაც Iphone 12 წესებთან შესაბამისობაშია.

თუმცა საფრანგეთის ტელეკომუნიკაციების მინისტრი ჟან-ნოელ ბარო ფრანგულ Le Parisien-ს ეუბნება, რომ გადაწყვეტილება რადიაციის დასაშვებზე მაღალი დონის გამო მიიღეს.

ფრანგული მარეგულირებლის თანახმად, გაზომეს სხეულის მიერ ელექტრომაგნიტური ენერგიის შთანთქმის მაჩვენებელი იმ დროს, როცა ადამიანს iPhone 12 ხელში უჭირავს ან შარვლის ჯიბეში უდევს. შედეგმა 5,74 ვატი შეადგინა 1 კილოგრამზე. როგორც ფრანგული France 24 წერს, ევროპული სტანდარტი 1 კილოგრამზე 4 ვატია.

საფრანგეთმა ასევე გაზომა ელექტრომაგნიტური გამოსხივების შთანთქმის მაჩვენებელი იმ შემთხვევისთვის, როცა Iphone 12 სხეულიდან 5 სანტიმეტრითაა დაშორებული — მაგალითად, დევს ქურთუკის ჯიბეში ან ჩანთაში. მიღებული შედეგი, პირველისგან განსხვავებით, ნორმაში აღმოჩნდა.

მანამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სცადა, დაეცხრო შიშები მობილური ტელეფონების გამოსხივებასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის თქმით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც ასაბუთებს, რომ ელექტრომაგნიტური ზემოქმედების დაბალი მაჩვენებელი ადამიანისთვის საზიანოა.

გარეკანის ფოტო: BBC/Getty Images

მასალების გადაბეჭდვის წესი