ახალი ამბები

საქართველოს სახით „მეორე უნგრეთის“ მიღება EU-ის პრიორიტეტი არ უნდა იყოს — სვანსტრომი

13 სექტემბერი, 2023 • 3997
საქართველოს სახით „მეორე უნგრეთის“ მიღება EU-ის პრიორიტეტი არ უნდა იყოს — სვანსტრომი

უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის, დოქტორ ნიკლას სვანსტრომის შეფასებით, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრება ისეთი ტოტალიტარული სახელმწიფოების მხრიდან გაზრდილი გავლენების გამო, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი, ასევე, თბილისის მოსკოვთან დაახლოებით.

„ეს ტენდენცია საქართველოს აშორებს ევროკავშირსა და აშშ-ს, მაგრამ ასევე ამცირებს ქვეყნის შანსს, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ან თუნდაც პარტნიორი ქვეყანა. რუსეთთან თბილისის კავშირები და ევროპულ ღირებულებებსა და ინტერესებთან ღია დაპირისპირება ეწინააღმდეგება ევროკავშირის უმთავრეს პრინციპებს“, — ამბობს სვანსტრომი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტთან (GIP).

GIP-ის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ეფუძნება ასოცირების ხელშეკრულებას/ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს, საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობაზე ხაზგასმით, რაც ერთ-ერთი ის ძირითადი დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესს. მაშინ, როდესაც ევროკავშირმა ინტეგრაციის პროცესი ასოცირებულ ტრიოსთან დაკავშირებით შარშან დააჩქარა, “თბილისის ნელთბილმა დამოკიდებულებამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პერიოდში და ქვეყნის საკამათო საგარეო პოლიტიკურმა კურსმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს თავსებადობა ევროკავშირის ერთიან უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკასთან. ევროკავშირის საბჭოს 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს თავსებადობა წინა წელთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა (48%-დან 31%-მდე).

ექსპერტმა ნიკლას სვანსტრომმა უპასუხა GIP-ის კითხვებს:

  1. რა რისკები ახლავს თან ევროინტეგრაციის პროცესში რუსეთსა და ჩინეთთან კავშირების
    გაძლიერებას?
  2. რა უნდა გააკეთოს საქართველომ ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკასთან და, ზოგადად, ევროკავშირის პოლიტიკასთან თავსებადობის გასაუმჯობესებლად?

სვანსტრომის თქმით, ევროკავშირი ცდილობს, გაწევრების პროცესში, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, საქართველოც მოიაზროს, იმის მიუხედავად, რომ ეს ორი ქვეყანა საქართველოზე წინ არიან.

„ეს მოცემულობა, ასევე, განიხილება, როგორც შესაძლებლობა, დაბალანსდეს რუსეთისა და ჩინეთის გავლენები საქართველოში. სამწუხაროდ, საქართველოს არ შეუმცირებია თანამშრომლობა რუსეთთან და ჩინეთთან, ხოლო „მეორე უნგრეთის“ ევროკავშირში მიღება კიდევ უფრო მეტად მოშლის ევროკავშირის დემოკრატიულ ერთიანობას და ეს ბრიუსელის პრიორიტეტი არ უნდა იყოს“, — დასძენს ნიკლას სვანსტრომი.

მასალების გადაბეჭდვის წესი