ახალი ამბები

„შეიძლება, მოგწამლეს“ – კრემლის კრიტიკოსი რუსი ჟურნალისტის ისტორია

12 სექტემბერი, 2023 • 1253
„შეიძლება, მოგწამლეს“ – კრემლის კრიტიკოსი რუსი ჟურნალისტის ისტორია

„საკმაო ხანი არ მინდოდა ამის დაწერა. თავს აუტანლად ვგრძნობ. მრცხვენია და მეშინია. ახლაც კი არ შემიძლია ყველაფერი მოვყვე – ვიცი, რომ უნდა დავიცვა ხალხი, ვინც ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა“, – წერს „ნოვაია გაზეტას“ რუსი ჟურნალისტი ელენა კოსტიუჩენკო.

როგორც მას უთხრეს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის გაშუქებისთვის მისი მოკვლის ბრძანება გაიცა. ცოტა ხნის შემდეგ, მიუნხენში კოსტიუჩენკომ თავი ცუდად იგრძნო. უცნაური სიმპტომების მქონე ჟურნალისტს უთხრეს, რომ შეიძლება, იგი მოწამლული ყოფილიყო.

უკრაინაში კოსტიუჩენკო წინა წლის 25 თებერვალს, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე დღესვე აღმოჩნდა. „უამრავი უკრაინელის გასაოცარი მხარდაჭერის წყალობით შევძელი მომეყოლა ისტორიები ოდესადან, ნიკოლაევიდან და [იმ დროისთვის] ოკუპირებული ხერსონიდან“, – აღნიშნავს იგი.

„ხერსონში რუსი ჯარისკაცები ხალხს იტაცებდნენ და აწამებდნენ. ვიპოვე ისინი, ვინც წამებას გადაურჩა. აღმოვაჩინე ცენტრი, სადაც გატაცებულები მიჰყავდათ. მივაკვლიე 44 გატაცებულის სახელსა და გვარს, მათი გატაცების ისტორიას. გამოვაქვეყნე ჩემი სტატია და რაც კი გავიგე, უკრაინის გენერალურ პროკურატურას გადავეცი“, – ვკითხულობთ მის სტატიაში ჟურნალ „n+1“-ში.

მარტში კოსტიუჩენკო მარიუპოლში აპირებდა წასვლას – ერთ დროს დინამიური და ცოცხალი ქალაქი რუსული ძალების მიერ აქტიურად იბომბებოდა. ჟურნალისტმა სწორედ მარიუპოლისკენ გზაში გაიგო, რომ „ნოვაია გაზეტა“ კრემლმა დახურა.

გზაშივე კოსტიუჩენკოს კოლეგამ მისწერა – ჰკითხა, აპირებდა თუ არა მარიუპოლში შესვლას. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ კი აცნობა:

„წყაროები დამიკავშირდნენ. იციან, მარიუპოლში რომ მიდიხარ. მითხრეს, კადიროველებს შენი პოვნა უბრძანესო. შენს დაკავებას კი არ აპირებენ. მოგკლავენ. ამაზე ნებართვაც გაიცა“.

მალევე მისი მკვლელობის გეგმაზე კოსტიუჩენკოს უკრაინელმა წყაროებმაც აცნობეს. ცოტა ხანში კი ქვეყნის უმალ დატოვებისკენ მას „ნოვაია გაზეტას“ მთავარმა რედაქტორმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა დიმიტრი მურატოვმა მოუწოდა. კოსტიუჩენკომ უკრაინა პირველ აპრილს დატოვა.

„საშინელ მდგომარეობაში დავტოვე უკრაინა… მეგობრებმა შემიფარეს. რუსეთიდან ჩემი შეყვარებული იანა ჩამოვიდა და მომიარა, უზრუნველყო, რომ მეჭამა და მეძინა. ვგეგმავდი, გამოკეთების შემდეგ წიგნის წერა დამემთავრებინა და რუსეთში დავბრუნებულიყავი. მთელი ცხოვრების ნამუშევარი, მთელი ცხოვრება, დედაჩემი, და – ყველაფერი იქაა“, – წერს იგი.

რუსეთში დაბრუნებაც შეუძლებელი აღმოჩნდა. როგორც დიმიტრი მურატოვმა უთხრა, ამ შემთხვევაში მოკლავდნენ.

„[შენს მოკვლას] წარმოაჩენენ, როგორც სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს. მემარჯვენეებს ლესბოსელები ეზიზღებათ“, – უთქვამს მურატოვს.

სექტემბრისთვის კოსტიუჩენკო უკვე ბერლინში ცხოვრობდა და სხვა დამოუკიდებელ მედიაში, „მედუზაში“ მუშაობდა. ახალ რედაქციაში მისი პირველი დავალება ირანში გამგზავრება და იქიდან რეპორტაჟის ჩაწერა უნდა ყოფილიყო. თუმცა, იქამდე, რედაქციაში მას უკრაინული ვიზის მისაღებად დოკუმენტაციის შევსებაც სთხოვეს.

უკრაინულ სისტემებზე ჰაკერების შეტევის გამო ეს პროცესი ჩვეულზე რთული აღმოჩნდა, რის გამოც კოსტიუჩენკო, თავისი კონტაქტების წყალობით, დაუკავშირდა გერმანიაში უკრაინის საკონსულოს წარმომადგენლებს.

„ვიღაც დავითანხმე, რომ მიუნხენში, უკრაინის საკონსულოში შემხვდებოდა. ვაღიარებ, რომ მგზავრობის შესახებ მესენჯერში ვწერდი. ეს არაა დაცული [მეთოდი კომუნიკაციისთვის], რაც ვიცოდი კიდეც. მაგრამ რუსეთში ხომ არა, გერმანიაში ვიყავი. არც კი დავფიქრებულვარ საბაზისო უსაფრთხოებაზე“, – ყვება ჟურნალისტი.

მიუნხენში კოსტიუჩენკო ოქტომბერში ჩავიდა მატარებლით და საკონსულოში მისვლის შემდეგ, მეგობარსაც შეხვდა. ლანჩის დროს, მათთან ამ მეგობრის ნაცნობებიც მივიდნენ. რკინიგზის სადგურზე დაბრუნებისას, ამ მეგობარმა უთხრა კოსტიუჩენკოს – ძალიან ცუდი სუნი გაქვსო.

„მახსოვს, რომ შოკირებული ვიყავი – იგი ძალიან ტაქტიანია და არაფერს იტყოდა, მართლაც ძალიან საშინელი სუნი რომ არ მქონოდა. როცა მატარებელში ჩავჯექი, უმალ საპირფარეშოში გავედი. სულ ოფლიანი ვიყავით. ოფლის სუნი ძლიერი და უცნაური იყო – რაღაც დამპალი ხილის მსგავსი. [..]

მატარებლიდან გადმოსვლის შემდეგ ვერ ვხვდებოდი, სახლში როგორ მივსულიყავი. ვიცოდი, რომ უნდა წასვულიყავი მეტროსკენ, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ. საკმაო ხანი ვეძებე მეტრსადგური და ტირილი დავიწყე, რადგან არ ვიცოდი, საით უნდა წავსულიყავი. სხვა მგზავრები დამეხმარნენ.

მეტროდან სახლამდე ხუთწუთიანი სვლა მიწევდა. ახლა კი ამას ბევრად მეტი დასჭირდა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ჩანთის ძირს დადება მიწევდა, ძალიან მძიმედ აღიქმებოდა. სახლში დაბრუნებისთანავე, დავიძინე. გამაღვიძა მუცლის ტკივილმა. წამოჯდომა ვცადე, მაგრამ დაწოლა მომიწია. თავბრუ მეხვეოდა, თითქოს ოთახი ტრიალებდა. საპირფარეშოში ვაღებინე.

მუცლის ტკივილი სულ უფრო უარესი ხდებოდა. კანზე შეხებასაც კი ტკივილი მოჰქონდა. პირველი ღამეები თითქმის არ მეძინა, ტკივილი მაღვიძებდა. ცუდად ყოფნის მესამე დღეს დღეს ნათელი გახდა, რომ რაც არ უნდა მქონოდა, კოვიდი არ იყო“, – წერს იგი.

ბიუროკრატიული სირთულეების გამო, კოსტიუჩენკომ ექიმთან მისვლა ავად გახდომიდან მხოლოდ მეათე დღეს მოახერხა. ექიმებმაც უთხრეს, კოვიდი გექნებაო, მაგრამ სხვადასხვა კვლევისა და რამდენიმე დიაგნოზის გამორიცხვის შემდეგ, კონკრეტული ვერაფერი თქვეს. თუმცა, აღმოაჩინეს კოსტიუჩენკოს შარდში სისხლი, მის ღვიძლში კი – ალანინამინოტრანსფერაზა [ALT], რომელიც რამდენჯერმე აღემატებოდა ნორმას.

„სიმტპომები იცვლებოდა. მუცელი ნაკლებად მტკიოდა და თავბრუც ისე აღარ მეხვეოდა, მაგრამ სუსტად ვიყავი. შეშუპება დაიწყო სახემ, შემდეგ კი თითებმა – ისინი სოსისებს ჰგავდა. შეშუპება უარესდებოდა. ვეღარ ვხედავდი ნიკაპს, სახე სახეს აღარ მიგავდა. სარკეში ჩახედვისას, დრო მჭირდებოა, საკუთარი თავი რომ მეცნო“, – იხსენებს ჟურნალისტი.

საბოლოო, მოწამვლის ვერსია, მისთვის 12 დეკემბერს გახდა ცნობილი. მრავალი თეორიისა და დიაგნოსტიკის შემდეგ, ექიმმა უთხრა – „გთხოვ, სიმშვიდის შენარჩუნება სცადე. შეიძლება, მოგწამლეს“. კოსტიუჩენკოს გაეცინა, შეუძლებელიაო, მაგრამ ექიმი თავის პოზიციაზე იდგა – „სხვა ყველაფერი გამოვრიცხეთ. ვწუხვარ. შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტში უნდა მიხვიდე“.

საბოლოო ჯამში, საქმე პოლიციას გადაეცა, თუმცა სამართალდამცავებმა ვერ მიაკვლიეს მოწამვლის მტკიცებულებებს და ორ მაისს საქმეც დახურეს. 21 ივლისს, როცა კოსტიუჩენკომ მათ შეატყობინა „ბელინგქეთის“ და „ინსაიდერის“ მიკვლევაზე, რომ მოწამვლა ქლოროორგანული ნივთიერებით განხორციელდა, საქმე კვლავ გაიხსნა.

ჟურნალისტის თქმით, მოწამვლის ძირითადი სიმპტომები მას აღარ აწუხებს, მაგრამ შედეგები კვლავაც რჩება:

„როგორ ვარ ახლა? ტკივილი, თავბრუსხვევა და ა.შ. აღარ მაქვს. მაგრამ არ მაქვს ენერგიაც. „მედუზა“ დავტოვე – ჯერ კიდევ შორს ვარ სამსახურში დაბრუნებისგან. ახლა მხოლოდ დღეში სამი საათი შემიძლია მუშაობა. ეს დრო იზრდება, მაგრამ იზრდება ნელა. არის დღეებიც, როცა არაფრის კეთება არ შემიძლია. ვწევარ და ვცდილობ, საკუთარი თავი არ მეზიზღებოდეს“.

კოსტიუჩენკოს თქმით, პოლიცია მიიჩნევს, რომ მის მოკვლას რუსეთის ხელისუფლება კვლავაც შეეცდება – ამის მიზეზი ოქტომბერში მისი წიგნის გამოსვლა შეიძლება გახდეს.

„ჩემი წიგნი – „მე მიყვარს რუსეთი: ამბების გაშუქება დაკარგული ქვეყნიდან“ ოქტომბერში გამოდის. იმაზეა, თუ როგორ გადაეშვა რუსეთი ფაშიზმში. პოლიციაში მიაჩნიათ, რომ იგი შეიძლება გახდეს მიზეზი და რომ ხალხი, ვინც ჩემი მოკვლა უკრაინაში და შეიძლება, გერმანიაშიც სცადა, კიდევ ერთხელ ცდის. სიცოცხლე მინდა. ამ ყველაფერს ამიტომ ვწერ“.


მომზადებულია ჟურნალ n+1 მიხედვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი