ბერლინის პოლიცია იკვლევს რუსეთიდან გამოქცეული ორი მოქალაქის შესაძლო მოწამვლას.
„სი-ენ-ენ-ის“ ცნობით, ისინი ბერლინში კონფერენციას ესწრებოდნენ.
„ვიცით, რომ მოწამვლა შესაძლებელი იყო. არის სხვა პოტენციური მიზეზებიც“, – უთხრეს მედიასაშუალებას ბერლინის პოლიციაში.
პირველმა გამოძიების შესახებ გერმანულმა გაზეთმა, „ველთ ამ ზონთაგმა“ დაწერა. მათი ცნობით, საუბარია ორ პირზე, რომელიც 29-30 აპრილს, ბერლინში, მიხაილ ხოდორკოვსკის ჩატარებულ კონფერენციაზე იმყოფებოდა.
სამართალდამცავ ორგანოებში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. აგრეთვე არ ასახელებენ, კონკრეტულად ვინ შეიძლებოდა მოეწამლათ.
„თავისუფალი რუსეთის ფონდის“ პრეზიდენტი, ნატალია არნო, რომელიც კონფერენციაზე იმყოფებოდა, ერთი კვირის წინ წერდა, რომ აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში ევროპის ერთ-ერთ ქალაქში იმყოფებოდა, სადაც „უცნაური სიმპტომები“ ჰქონდა:
„ვეჭვობ, რომ მომწამლეს, შესაძლოა, რამე ნერვული აგენტით“.
მისივე თქმით, ევროპის სხვა ქალაქში ვიზიტისას, სასტუმროს ოთახში დაბრუნებულმა კარი „ოდნავ ღია“ აღმოაჩინა და ნომერში „იაფფასიანი პარფიუმის“ სუნიც იგრძნო, მოგვიანებით კი იგრძნო „ძლიერი ტკივილი და უცნაური სიმპტომები“.
რუსეთის ხელისუფლების კრიტიკოსები აქამდეც მოუწამლავთ ნერვული აგენტებით, კონკრეტულად კი „ნოვიჩოკით“. 2020 წელს მოწამლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, 2018-ში კი სპეცსამსახურების ყოფილი ოფიცერი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია.