ახალი ამბები

მინისტრი ადასტურებს ჩინური კომპანიების მხრიდან ანაკლიის პორტით დაინტერესებას

11 სექტემბერი, 2023 • 1400
მინისტრი ადასტურებს ჩინური კომპანიების მხრიდან ანაკლიის პორტით დაინტერესებას

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ანაკლიის პროექტით წამყვანი საერთაშორისო კომპანიები არიან დაინტერესებული როგორც ევროპიდან, ისე აზიიდან, ჩინეთის ჩათვლით.

დავითაშვილის თქმით, ანაკლია არის კომერციული პორტი, რომელმაც მეტი ტვირთბრუნვა უნდა უზრუნველყოს შუა დერეფანში.

„ჩვენ ვართ სამხრეთ კავკასიაში. ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანი შემადგენელი რგოლია აღმოსავლეთის, ამ შემთხვევაში აზიის ქვეყნების და დასავლეთის დამაკავშირებელი. ზუსტად ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ანაკლიის განვითარება. სხვა არცერთ კონტექსტში…“, — განაცხადა დავითაშვილმა.

რაც შეეხება ჩინური კომპანიების შესაძლო მონაწილეობას ან დაინტერესებას, მისი თქმით, ჩინური კომპანიები საკმაოდ აქტიურად არიან საქართველოში ჩართული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით და კონკურენტუნარიანები იყვნენ გარკვეული პროექტების განხორციელებაში.

„ინტერესი არა მხოლოდ ჩინური კომპანიების მხრიდან არსებობს და გიდასტურებთ, რომ არსებობს ჩინური კომპანიების მხრიდანაც ანაკლიის პროექტში მონაწილეობის შესახებ. ანაკლიის პროექტით დაინტერესებულია ბევრი სხვა საერთაშორისო, კვალიფიციური გამოცდილი კომპანია. ამ პროცესში დაინტერესებული არიან წამყვანი საერთაშორისო კომპანიები სხვადასხვა ქვეყნიდან — ევროპულიც, აზიური კომპანიებიც, ახლო სამეზობლოდანაც და ა.შ.“, — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში კვალიფიციური კანდიდატების გამოვლენა 20 სექტემბერს უნდა მოხდეს.

მთავრობა ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად კერძო ინვესტორს არჩევს, რომელთან ერთადაც უნდა დაფუძნდეს პორტის მშენებელი ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო 51%-ის მფლობელი იქნება, ხოლო კერძო პარტნიორი — 49%-ის. კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე განაცხადის გაკეთებისთვის კანდიდატებს 2023 წლის 19 ივნისამდე ჰქონდათ ვადა.

ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის პორტზე „სერიოზულმა ინვესტორმა“ გამოთქვა ინტერესი

მასალების გადაბეჭდვის წესი