ეკონომიკა

ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის პორტზე „სერიოზულმა ინვესტორმა“ გამოთქვა ინტერესი

30 ივნისი, 2023 • 3860
ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის პორტზე „სერიოზულმა ინვესტორმა“ გამოთქვა ინტერესი

დღეს, 30 ივნისს, პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობას სახელმწიფო წელს დაიწყებს, პარალელურად კი გააგრძელებს მუშაობას ინვესტორებთან.

„პორტის მშენებლობა მთავრობის დაფინანსებით დაიწყება წელს. აქედან 51% იქნება მთავრობის საკუთრება, დანარჩენზე ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა. ახლა აქტიურად მიმდინარეობს დამუშავება ამ საკითხების. სერიოზული ინვესტორის მხრიდან გამოითქვა ინტერესი, თუმცა ამ ეტაპზე არ ვართ იმ პოზიციაში, რომ ინფორმაცია გავასაჯაროოთ. ამის თაობაზე მოგვიანებით დაგიბრუნდებით“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერის მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები პროექტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით ახალი შესარჩევი პროცესის გამოსაცხადებლად. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ დაიქირავა საერთაშორისო კონსულტანტები (კომერციულ საკითხებში − MTBS, ხოლო იურიდიულ საკითხებში − Squire Patton Boggs), რომელთა ჩართულობით მომზადდა შესარჩევი პროცესის დოკუმენტაცია. 2023 წელს ეკონომიკის მინისტრის თავმჯდომარეობით შეიქმნა შესარჩევი კომისია, რომელმაც დაამტკიცა განზრახულობის შესახებ განაცხადი. აღნიშნული განაცხადი გამოქვეყნდა დადგენილი წესით 2023 წლის 20 თებერვალს და კანდიდატებს მიეცათ 3-თვიანი ვადა განაცხადებისა და საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის წარმოსადგენად. აღნიშნული ვადა შემდგომში გახანგრძლივდა და განისაზღვრა 2023 წლის 19 ივნისამდე.

მოხსენების თანახმად, პროექტი კანდიდატებისთვის შეთავაზებულ იქნა ახალი სტრუქტურით, რომლის თანახმადაც, პროექტი განხორციელდება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის გზით, რომლის ფარგლებშიც, საჯარო და კერძო პარტნიორების თანამონაწილეობით შეიქმნება ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო იქნება 51%-ის,
ხოლო კერძო პარტნიორი − 49%-ის მფლობელი. შერჩევის პარალელურად, სახელმწიფო გეგმავს ძირითადი საზღვაო სამშენებლო სამუშაოების (დაღრმავება და ტალღამტეხის მშენებლობა) დაწყებას, რისთვისაც 2023 წლის აპრილში დაფუძნდა შესაბამისი სახელმწიფო კომპანია.


საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომელსაც დღემდე არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი.

2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

საქართველოს მთავრობამ, – გიორგი გახარიას პრემიერობისას, – 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტდა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო).

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) და მისი ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას აწარმოებენ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი