ახალი ამბები

„გადაფარვის მცდელობაა“ — კალაძე ღარიბაშვილის იმპიჩმენტის ინიციატივაზე

11 სექტემბერი, 2023 • 1526
„გადაფარვის მცდელობაა“ — კალაძე ღარიბაშვილის იმპიჩმენტის ინიციატივაზე

თბილისის მერ კახა კალაძის თქმით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის მოთხოვნით აქტუალური საკითხების, მათ შორის, პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაფარვას ცდილობს.

„ეს არის მიზანმიმართული, ბინძური კამპანია პრემიერის და მისი ოჯახის წინააღმდეგ. ბევრი განცხადება გაკეთდა აღნიშნულ ჩარტერთან დაკავშირებით, თუ ვინ გადაიხადა ეს თანხები — ეს იყო პრემიერ-მინისტრის პირადი ხარჯი. რაც შეეხება იმპიჩმენტს, ეს არის დღეს აქტუალური საკითხების გადაფარვის მცდელობა, მათ შორის, პრეზიდენტის იმპიჩმენტზეა საუბარი. რეალურად დიდი დანაშაულია, როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას“, — განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, განსხვავებით წინა ხელისუფლების თანამდებობის პირებისგან, პრემიერ-მინისტრის პირადი მიზნებისთვის ბიუჯეტიდან არანაირი თანხა არ გამოყოფილა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა. გავიხსენოთ წლები, როდესაც პირადი მიზნებისთვის ბიუჯეტიდან თანხები გამოიყოფოდა — კონკრეტული თანამდებობის პირების მეუღლეების დაბადების დღეებისთვის, საყვარლების საჩუქრებისთვის, მასაჟისტების ჩამოყვანისთვის, შვილის სწავლის დაფინანსებისთვის, რაც შემდეგ შეფუთეს, რომ მიხეილ სააკაშვილს ნიჭიერი შვილი ჰყოლია. მეც მყავს ნიჭიერი შვილები, მაგრამ არ ნიშნავს ეს იმას, რომ მათი სწავლა-განათლება ბიუჯეტიდან დავაფინანსო“, — აღნიშნა კახა კალაძემ.

პარტია „ლელოს“ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის პროცედურის ინიციირება სურს, რისთვისაც ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს. საქართველოს მთავრობის წევრის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს 50 დეპუტატს.

იმპიჩმენტის ინიციატივით, „ლელო“„ნოდარ მელაძის შაბათში“ გასული სიუჟეტის მერე გამოვიდა, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ასევე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის ინიციატივის დაყენება პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის გადაფარვის მცდელობაა.

პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის გადაფარვას ცდილობენ — კობახიძე პრემიერის იმპიჩმენტზე

მასალების გადაბეჭდვის წესი