„ლელო“ ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს პრემიერის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად.
საქართველოს მთავრობის წევრის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს 50 დეპუტატს.
„მე ვიცი, რომ ოპოზიციური ჯგუფები ფიქრობენ, რა იქნება სწორი რეაგირება. ჩვენ დღეს ვიწყებთ კონსულტაციებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევაჯერებთ საერთო პოზიციას ოპოზიციაში და შევძლებთ იმპიჩმენტის პროცედურის ინიციირებას“, — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
კორუფციასთან ბრძოლა არის ის მიზანი, რასაც, სამადაშილის თქმით, ღარიბაშვილის იმპიჩმენტი ემსახურება.
„ღარიბაშვილი საკუთარ შვილს სასწავლებლად უშვებს ამერიკაში, უნივერსიტეტში, რომელშიც ხარისხის დაცვა საბოლოო ჯამში მილიონ ლარამდე დაუჯდება პრემიერ-მინისტრის ოჯახს. ოღონდ ეს არ კმარა პრემიერისთვის და ის თვლის, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს უარს ეუბნება ოფიციალური ვიზიტების უზრუნველყოფაზე, მას ჰქონდა უფლება, გამოეყენებინა სამთავრობო თვითმფრინავი საკუთარი შვილის სასწავლებლად წასაყვანად.
რამდენი ტყუილიც არ უნდა გითხრათ ღარიბაშვილმა და მისმა სტრატკომმა, ფაქტი არის მარტივი — ღარიბაშვილმა საკუთარი შვილის უძვირეს ამერიკულ სასწავლებელში წასაყვანად გახარჯა ასობით ათასი ლარი. მხოლოდ ერთი კვირის მანძილზე ბორტის გაჩერება ევროპულ სახელმწიფოში, ალბათ, წარმოგიდგენიათ რა კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული. ეს თუ არ არის კორუფცია და ეს თუ არ არის დანაშაული და თანამდებობის ბოროტად გამოყენება, მაშინ ჩვენ საერთოდ უნდა შევწყვიტოთ საუბარი სახელმწიფოზე, მით უმეტეს სამართლებრივ სახელმწიფოზე“, — განაცხადა სამადაშვილმა.
„ნოდარ მელაძის შაბათის“ ინფორმაციით, რომელსაც არც საქართველოს მთავრობაში უარყოფენ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.
მან უფროსი შვილი, 18 წლის ნიკოლოზ ღარიბაშვილი ჯერ მიუნხენში ჩაიყვანა სამთავრობო თვითმფრინავით, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებისკენ გზა სამგზავრო თვითმფრინავით გააგრძელა.
როგორც ირკვევა, ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად სამთავრობო ბორტით მიუნხენში გაფრინდა, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამასთან, ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წევრების მიუნხენში ჩაყვანის შემდეგ სამთავრობო ბორტი საქართველოში არ დაბრუნებულა და 28 აგვისტომდე მიუნხენში იცდიდა, რათა ღარიბაშვილი უკან, საქართველოში ჩამოეყვანა.