ახალი ამბები

სურსათის უვნებლობამ კეტჩუპში აკრძალული, სუდანის ჯგუფის საღებავი აღმოაჩინა

9 სექტემბერი, 2023 • 2355
სურსათის უვნებლობამ კეტჩუპში აკრძალული, სუდანის ჯგუფის საღებავი აღმოაჩინა

სურსათის ეროვნული სამსახურის განცხადებით „PRIMO“-ს კეტჩუპში სუდანის ჯგუფის საღებავი გამოვლინდა, რომლის სურსათში გამოყენებაც აკრძალულია.

უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სუდანის ჯგუფის საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ნიმუშები აიღეს.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კეტჩუპი „PRIMO“-ს ნიმუშში (დამამზადებელი შპს „სანფუდი“, სომხეთი, ქ. ერევანი, შირაკის ქ. N 1/68. ნეტო: 200 გ.; დამზადების თარიღი: 03.06. 2023 წელი; დისტრიბუტორი საქართველოში: ი/მ გაგიკ კობალიან, ს/კ 07001011888, ქ. ახალქალაქი, ნალბანდიანის ქ. 61/10) აკრძალული სუდანის ჯგუფის საღებავი Sudan I გამოვლინდა.

სააგენტოს ინსპექტორებმა ი/მ „გაგიკ კობალიანს“ აუკრძალეს აღნიშნული სურსათის რეალიზაცია და დაავალეს უმოკლეს ვადაში დასახელებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, გამოთხოვილი სურსათის რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება. ამავდროულად, უწყებაში აცხადებენ, რომ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილი პირები ბიზნესოპერატორთან სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს კეტჩუპი „PRIMO“-ს ზემოაღნიშნული პარტია და აღნიშნავს, რომ სუდანის ჯგუფის საღებავები განეკუთვნება ხელოვნურ აზო საღებავების ჯგუფს და წარმოადგენს სურსათის ქიმიურ დამაბინძურებელს, რომლის დამატება სურსათში აკრძალულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი