ახალი ამბები

რა გეგმები აქვს „ევროპულ ორბიტას“? — ახალი პლატფორმის პრეზენტაცია

7 სექტემბერი, 2023 •
რა გეგმები აქვს „ევროპულ ორბიტას“? — ახალი პლატფორმის პრეზენტაცია

ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სამოქალაქო პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის” პრეზენტაცია გამართა.

სამოქალაქო პლატფორმის პრეზენტაციას საზოგადოების საზოგადოების ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ჩაერთო მწერალი ნინო ხარატიშვილი.

პლატფორმას მხარდაჭერა გამოუცხადა ფიზიკოსმა გია დვალმა.

„საქართველოს ევროპული ორბიტის” გამგეობის წევრთა შორის არიან სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე ეკატერინე სხილაძე, რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი კახა გოგოლაშვილი და ისტორიკოსი ნიკოლოზ ალექსიძე.

„განსხვავებული ეს ინიციატივა არის იმით, რომ ჩვენი აქცენტი არ არის იმაზე გაკეთებული, რომ დავარწმუნოთ ევროპის სიკეთეებზე საზოგადოება. ჩვენი აქტივობები სწორედ პროევროპულად განწყობილ საზოგადოებაზე არის მიმართული, რომ ვიმოქმედოთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომ გავლენა მოვახდინოთ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე. კონკრეტულ მიზანს ემსახურება, იმიტომ რომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, უნდა მივიღოთ სტატუსი ახლა თუ უნდა დაველოდოთ არჩევნებს და ა.შ. ჩვენი აზრია, რომ ახლა არის გადამწყვეტი ამ ქვეყნისთვის სტატუსის მიღება და საქართველოს მოქალაქეებს შეგვიძლია, მივაწვდინოთ ევროკავშირს ხმა“, — განაცხადა ნინო ლომჯარიამ, რომლის თქმითაც, პლატფორმა ჯერ კიდევ მაისში დარეგისტრიდა.

მან ასევე ისაუბრა, რა ფორმით აპირებს ხმის მიწვდენას ევროკავშირისთვის:

„ჩვენ გვექნება მსგავსი შეხვედრები და ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, რომ იქ ვესაუბროთ მოქალაქეებს მათი ხმის მნიშვნელობაზე, საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირება მოვახდინოთ, ჩავიწეროთ მათი ხმები. სიმბოლურად გვექნება შესაძლებლობა, რომ შევაგროვოთ მოქალაქეების მიმართვები როგორც ვიზუალურად, ასევე ჩანაწერების გზით, ტექსტურად და ვაპირებთ, რომ ასევე ვაწარმოოთ შეხვედრები ევროპელ დიპლომატებთან. დაგეგმილი გვაქვს ამ შეგროვებული ხმების სიმბოლური გადაცემა ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლების მიმართ“, — ამბობს ლომჯარია.

პლატფორმის თავდაპირველი მიზანია „იმოქმედოს ევროკავშირის სტატუსისთვის”.

„პარალელურად ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიმუშაოთ საქართველოს განვითარების ხედვებზე სხვადასხვა სფეროებში, ეს იქნება ჯანდაცვა, განათლება, ურბანული განვითარება, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და ა.შ. ვაპირებთ ექსპერტების დახმარებით და საზოგადოების დაინტერესებული ფენების ჩართულობით საქართველოს განვითარების ხედვების შემუშავებას, რომ ამ ხედვებით ჩვენს მოქალაქეებს დავანახოთ, რომ საქართველოს აქვს განვითარების კონკრეტული პერსპექტივა. ანუ ჩვენ გვინდა, გარკვეულწილად ვიზუალიზაცია მოვახდინოთ, როგორი შეიძლება იყოს საქართველო და რა შესაძლებლობებს ვკარგავთ, როდესაც ევროპულ პერსპექტივაზე ვამბობთ უარს“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება დაფინანსებას, ჩამოთვლილი აქტივობების განსახორციელებლად, ლომჯარიას თქმით, მხარდაჭერა მიიღო ფონდ „ღია საზოგადოება — საქართველოსგან“. ასევე, მიმართული აქვს არაერთი საერთაშორისო დემოკრატიული ფონდებისთვის.

პლატფორმის წევრები ამბობენ, რომ პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას არ გეგმავენ.

“საქართველოს ევროპული ორბიტა” — ვინ და რატომ აფუძნებს ახალ პლატფორმას

 

მასალების გადაბეჭდვის წესი