ახალი ამბები

ზურაბიშვილი უხერხულ მდგომარეობაში აგდებს ჩვენს პარტნიორებს – კობახიძე

1 სექტემბერი, 2023 • 3120
ზურაბიშვილი უხერხულ მდგომარეობაში აგდებს ჩვენს პარტნიორებს – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი „უხერხულ მდგომარეობაში აგდებს“ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს, რადგან ის საერთაშორისო ვიზიტებს მთავრობის ნებართვის გარეშე ახორციელებს.

ამის შესახებ მან დღეს, 1 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამავე ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ „ოცნება“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტს იწყებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა რეაქცია ექნება დასავლეთს იმპიჩმენტის პროცესის აღძრაზე, კობახიძე დასძენს:

„დასავლელი პარტნიორები, რა თქმა უნდა, უხერხულ მდგომარეობაში არიან პრეზიდენტის ამ ქმედების გამო, რა თქმა უნდა, უცხოელი პარტნიორებისთვის ეს არის მეტწილად შიდა საქმე და სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი უხერხულ მდგომარეობაში აგდებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნები,“

ირაკლი კობახიძეს შეახსენეს, რომ ამჟამად ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით და ჰკითხეს, გაზრდის თუ არა ეს დაბნეულობას დასავლეთის ქვეყნებში.

კობახიძის თქმით, დამაბნეველია ის, რომ პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, კერძოდ კი აწარმოებს საერთაშორისო ვიზიტებს მთავრობის თანხმობის გარეშე – „ეს რა თქმა უნდა, დამაბნეველია და ქმნის უხერხულობას ჩვენი ქვეყნისთვის, ამ კუთხითაც პრობლემურია მისი ქმედებები,“.


დღეს ცნობილი გახდა, რომ „ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის ანუ პრეზიდენტის გადაყენების პროცესს იწყებს. ამის მიზეზი სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ამის უფლება არ მისცა.

კობახიძე ჯერ კიდევ 31 აგვისტოს აანონსებდა, პრეზიდენტის წინააღმდეგ რეაგირებას.

ამ მოცემულობით, „ოცნებას“ ჯერჯერობით იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მიყვანა არ შეუძლია, რადგან ამისთვის საჭიროა 100 დეპუტატი. მმართველ გუნდს კი დღეს 82 დეპუტატი ჰყავს. ამის მიუხედავად, კობახიძე ამბობს, რომ პროცესი მაინც დაიწყება – ამისთვის ჯერ განაცხადი საკონსტიტუციო სასამართლოში შევა, სასამართლოს დასკვნის შემდეგ კი გაიმართება პარლამენტის კენჭისყრა.

ამასთანავე, კობახიძე მიიჩნევს, რომ იმპიჩმენტის პროცესი ასევე გააშიშვლებს იმ ფაქტსაც, რომ მისი შეფასებით – ზურაბიშვილს და ოპოზიციას საერთო დღის წესრიგი აქვს – „რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული,“

ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი