ახალი ამბები

კობახიძე პრეზიდენტის წინააღმდეგ “რეაგირებას” აანონსებს

31 აგვისტო, 2023 • 1651
კობახიძე პრეზიდენტის წინააღმდეგ “რეაგირებას” აანონსებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტებით პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს, რასაც რეაგირების გარეშე ვერ დატოვებენ.

რაც შეეხება რეაგირებას, კობახიძის თქმით, ამისთვის ერთი თეორიული მექანიზმი იმპიჩმენტია, რასაც პარლამენტში 100 დეპუტატის ხმა სჭირდება. საპარლამენტო უმრავლესობას კი ამჟამად 100 დეპუტატი არ ჰყავს.

„ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მას ფიცი აქვს დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა უხეშად არღვევს, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა და ამაზე ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რეაგირება. ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი უპირისპირდება ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესს. მნიშვნელობა არ აქვს ის ევროინტეგრაციის საპირისპირო განცხადებებს გააკეთებს საქართველოს პარლამენტის შენობაში თუ საგარეო ვიზიტის განხორციელების დროს. ეს ინფორმაცია ისედაც მიდის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ იმპიჩმენტისთვის საჭიროა 100 ხმა, რაც მმართველ გუნდს არ გააჩნია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი,  მისი მოსაზრებით, იმპიჩმენტს არ დაეთანხმება.


გუშინ, 30 აგვისტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

აღნიშნული განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტისთვის მთავრობას ევროპაში ვიზიტებზე თანხმობა არ მიუცია. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებიდან ირკვევა, პრეზიდენტს ევროპის ქვეყნების გარდა, უარი უთხრეს უკრაინაში ვიზიტზე, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში ვიზიტებზეც.

თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში არ არის განმარტებული, რატომ ეთქვა პრეზიდენტს უარი ვიზიტებზე.

მთავრობის უარის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს ბერლინში ჩავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი