ახალი ამბები

„ჰქონდა დადებითი და უარყოფითი მხარე“ – კობახიძე შარლ მიშელის განცხადებაზე

29 აგვისტო, 2023 •
„ჰქონდა დადებითი და უარყოფითი მხარე“ – კობახიძე შარლ მიშელის განცხადებაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შარლ მიშელის განცხადებას ევროკავშირის გაფართოების თაობაზე დადებითი და უარყოფითი მხარე ჰქონდა.

კობახიძე „მნიშვნელოვანს“ უწოდებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ბლოკის გაფართოების კონკრეტული თარიღის დასახელებას, თუმცა ინტერესდება, კონკრეტულად ვის ეხება ეს თარიღი – 2030 წელი.

„არიან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი მიღებული აქვთ მაგალითად 18, 12 წლის წინ [იგულისხმება ბალკანეთის ქვეყნები]. საუბარი თუ მხოლოდ ამ ქვეყნებზეა, სხვა საქმეა. როცა ქვეყანა 18 წლის წინ ხდება კანდიდატი და ჰპირდებიან, რომ შვიდ წელიწადში შეიძლება წევრი გახდეს, ეს დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა“, – ამბობს იგი.

კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში დაკონკრეტდება, რომ 2030 წელი აქტუალური თარიღია იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ, ან „ახლო მომავალში“ მიიღებენ სტატუსს.

„ოცნების“ თავმჯდომარის მტკიცებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სტატუსის მისაღებად, აქვს „ძალიან ხელშესახები პროგრესი“ 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ და ამ მიმართულებით მუშაობა „უახლოეს მომავალში დასრულდება“.

თუმცაღა, იგი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე პოლიტიკური იქნება:

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება არის 50/50-ზე. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – აღნიშნა მან.

კობახიძის თქმითვე, 2030 წლისთვის საქართველოში ევროკავშირის წევრობისთვის ყველაზე მეტად იქნება მზად: „2030 წელს თუ ვინმეს ექნება წევრობის სტატუსის მიღების პერსპექტივა, ეს იქნება საქართველო, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მეტი კონკრეტიკა გვჭირდება“.

რა თქვა შარლ მიშელმა?

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გუშინ, 28 აგვისტოს გააკეთა განცხადება ევროკავშირის გაფართოებაზე. მან აღნიშნა, რომ გაფართოება აღარ არის ოცნება და გაერთიანება 2030 წლისთვის ამისთვის უკვე მზად უნდა იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი