ახალი ამბებიკინოხელოვნება

რატი ონელის ფილმის პრემიერა გაიმართება სან-სებასტიანის კინოფესტივალზე

28 აგვისტო, 2023 • 2670
რატი ონელის  ფილმის პრემიერა გაიმართება სან-სებასტიანის კინოფესტივალზე

რატი ონელის  მოკლემეტრაჟიანი ფილმის „გამოფიტული ხალხი” მსოფლიო  პრემიერა გაიმართება სან-სებასტიანის 71-ე კინოფესტივალზე. ფილმი მონაწილეობას მიიღებს სექციაში, სადაც წარმოდგენილი იქნება 15 სრული, 8 მოკლე და 2 საშუალომეტრაჟიანი ფილმი.

„ხანგრძლივი გაუჩინარებისა და წარუმატებლობების შემდეგ უძღებ შვილს უწევს, დაბრუნდეს და იცხოვროს მოხუცებულ მამასთან ერთად. ორი კაცი, რომელიც ებრძვის თავის წინააღმდეგობრივ ემოციებს, იძულებულია გაუმკლავდეს მოგონებებს, ოცნებებსა და შიშებს სამყაროში, ქალის გარეშე, რომელმაც ერთ დროს ისინი გააერთიანა”, – ასეთია რატი ონელის ფილმის აღწერა, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ კახა კინწურაშვილი და მურმან ჯინორია.

რატი ონელი ავტორი და რეჟისორია დოკუმენტური ფილმისა „მზის ქალაქი”, რომლის პრემიერაც 2017 წელს შედგა ბერლინალეზე და დაიმსახურა მრავალი საერთაშორისო პრიზი – სან ფრანცისკოს, მადრიდის, სარაევოსა და სხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე. იგი ასევე არის თანასცენარისტი (დეა კულუმბეგაშვილთან ერთად) და პროდიუსერი ფილმისა „დასაწყისი”, რომელმაც 2020 წლის სან-სებასტიანის ფესტივალზე მოიპოვა სამი მთავარი პრიზი.

სან-სებასტიანის კინოფესტივალი არის ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი ა კლასის ფესტივალი, რომელიც სამოცდამეთერთმეტედ ჩატარდება  22 სექტებრიდან – 30 სექტემბრის ჩათვლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი