ახალი ამბები

„სპეკულაცია“, „სულ რაღაც 3 საათი“ და სხვა — „ოცნების“ გამოხმაურებები შოვის სტიქიაზე

14 აგვისტო, 2023 •
„სპეკულაცია“, „სულ რაღაც 3 საათი“ და სხვა — „ოცნების“ გამოხმაურებები შოვის სტიქიაზე

შოვში უკვე მე-12 დღეა, ეძებენ დაკარგულებსა და დაღუპულებს. ადგილზე მუშაობენ როგორც სამაშველო ძალები, ასევე სამხედროები და მოხალისეები.

ოფიციალური ცნობით, დაღუპულია 24 ადამიანი, 9 ადამიანს კი ჯერ კიდევ ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ ნაპოვნია ასევე ადამიანთა ნაწილებიც.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამ დღეების განმავლობაში დაგვიანებული სამაშველო ოპერაციის გამო კრიტიკის პასუხად ცდილობდნენ, საზოგადოება დაერწმუნებინათ, თითქოს 3 აგვისტოს ღამით შოვში ვერტმფრენებით მუშაობის აუცილებლობა არ იყო.

აღნიშნულს მოგვიანებით დაემატა ისიც, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ეჭვქვეშ დააყენა იმ ადამიანთა მონაყოლი, რომლებმაც ღვარცოფს თავი საკუთარი ძალებითა და ადგილობრივების დახმარებით დააღწიეს, გადარჩენის შემდეგ კი აქტიურად დაიწყეს საუბარი დაგვიანებულ სამაშველო ოპერაციაზე. კობახიძემ ისინი სიცრუესა და მანიპულაციაში დაადანაშაულა.

5 აგვისტო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შოვში სტიქიისას  სამაშველო სამუშაოების მხრივ ყველაფერი მაქსიმალურად გაკეთდა, იმ პირობების გათვალისწინებით, რაც ხეობაში იყო.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავინ იჩქაროს დასკვნების გამოტანა. ახლა ემოციური ფონია და ეს აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა საბოლოოდ, ყველაფერი გაირკვევა. ამიტომ, სასურველია, არავინ იჩქაროს დასკვნების გამოტანა. არიან კომპეტენტური სტრუქტურები, ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ დეტალური დასკვნის დადება ყველაფერთან დაკავშირებით.

სამაშველო სამუშაოები არ გაჩერებულა. ერთადერთი საუბარი იყო  ვერტმფრენთან დაკავშირებით, თუმცა ამაზე სათანადო პასუხი არსებობს, რომ მხოლოდ ღამის ხედვაში არ იყო საქმე, რელიეფისა და პირობების გათვალისწინებით, ვერტმფრენებს გაუჭირდებოდათ ღამის განმავლობაში სამუშაოს გაგრძელება. თუმცა აქაც არ იქნება სწორი, რომ დეტალებში შევიდე. არიან სამაშველო უწყებები, მაშველები და მათ შეუძლიათ დეტალური ინფორმაციის მოწოდება ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

8 აგვისტო 

8 აგვისტოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ირწმუნებოდა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ვერტმფრენი იქნებოდა ჩართული შოვში სამაშველო ოპერაციაში.

„აქ მნიშვნელობა არ ჰქონია, ვერტმფრენები მეტი გვეყოლებოდა თუ არა. ვერტმფრენები შეკვეთილია და შეკვეთიდან იწყება კონკრეტულის დამზადება. ახალი ვერტმფრენი არ არის ისეთი პროდუქტი, რომ მიხვიდე და სადმე პირდაპირ იყიდო. იღებენ შეკვეთას და მაშინ იწყებენ დამზადებას“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

8 აგვისტოს ჟურნალისტებთან ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რომელიც მანამდე შოვში იმყოფებოდა კიდეც. მისი თქმით, სტიქიის ზონაში ვერტმფრენი „სულ რაღაც 3 საათში“ იყო.

„3 საათის დაგვიანებით კი არ მივიდა, სამ საათში მივიდა ვერტმფრენი, სულ რაღაც სამ საათში. ერთი საათი უნდა ფრენას, შეტყობინების შემდეგ სჭირდება გადამოწმება, რა ტექნიკა არის საჭირო და ამის შემდეგ არის მოსამზადებელი სამუშაო ტექნიკისთვის. ეს მანქანა ხომ არ არის, დაქოქო და წახვიდე, მას სჭირდება მომზადების პერიოდი და ზუსტად ამ პერიოდში, სულ რაღაც 3 საათში იყო ვერტმფრენი იქ. და ყველა ამოცანა, რომელიც დასახული იყო შესრულდა.“

ამავე დღეს, შოვის სტიქიაზე ისაუბრა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძის განცხადებით, არ ჰგონია, რომ შოვში სტიქიის პირველივე წუთებში სამაშველო სასმსახურების რეაგირებას დამდგარ შედეგზე გავლენა ჰქონოდა.

„ვინც უშუალოდ არ დაფარულა, ყველა გადარჩა. იქ ხომ არცერთი ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომელიც, მაგალიათად, რამდენიმე საათის მოგვიანებით შეიძლება აღმოჩენილიყო დაღუპული და ა.შ. გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ ვხედავ ახსნას, როგორ შეიძლება ეს არგუმენტირებული იყოს, რომ მაგალითად, 15 წუთში დაიწყებდი ძებნას თუ 1 საათში, იმ მასის გათვალისწინებით, ამას რა გავლენა შეიძლება ჰქონოდეს პერსპექტივების თვალსაზრისით. ვინც იმ წუთას ადგილას, სადაც ამ მასამ არ დაფარა, ისეთი ადამიანი გადარჩა. რომ გვქონოდა შემთხვევა, რომ მასა მატულობდა დროთა განმავლობაში და ა.შ. ანუ მომენტალურად რაც არ ჩამოწვა, ამ შემთხვევაში აზრი ექნებოდა ამ ლაპარაკს. იქ რაც მოხდა იმ წუთებში, არ მგონია, რომ დაუყოვნებლივ რეაგირებას გავლენა ჰქონოდა რომელიმე ადამიანის [გადარჩენაზე]“, – განაცხადა სარჯველაძე.

9 აგვისტო

შოვში სტიქიის შესახებ პაპუაშვილმა მომდევნო დღესაც ისაუბრა. ბრიფინგზე მან თქვა, რომ სტიქიის ადგილას მოხალისეების საჭიროება არ არსებობდა.

მისი თქმით,  შოვში დახმარების მსურველ მოხალისეთა სხვადასხვა აქციის მიზანი იყო იმ აღქმის ჩამოყალიბება, რომ თითქოს ხელისუფლება საკმარისად არ ზრუნავს დაზარალებულებზე.

„სოციალურ ქსელში ასევე ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია დახმარებების შეგროვების შესახებ, იქნებოდა ეს საკვები, წყალი, ტანსაცმელი თუ მედიკამენტები, მიუხედავად საგანგებო შტაბის მხრიდან გაკეთებული არაერთი განმარტებისა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფდა ადგილზე მყოფ ყველა პირს და მოხალისეობრივი ჩართულობის აუცილებლობა არ იყო. ასეთი აქციების მიზანი, რიგ შემთხვევაში, იყო აღქმის ჩამოყალიბება, თითქოს ხელისუფლება საკმარისად არ ზრუნავს დაზარალებულებზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

13 აგვისტო

13 აგვისტოს სტიქიის ზონაში პირველად ჩავიდა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. მანამდე, მისი განმარტებით, ის მამამისთან ერთად თურქეთში,კლინიკაში იმყოფებოდა და მისი მძიმე დიაგნოზის გამო ჩამოსვლა ვერ მოახერხა.

ჟურნალისტებთან საუბარში გომელაურს ჰკითხეს, რატომ არ იფრინა შოვის სტიქიის ღამეს ვერტმფრენმა და რატომ შეწყდა ვერტმფრენით სამძებრო სამუშაოები.

„ვერტმფრენებს რაც შეეხება, ვერტმფრენები ჩამოვიდნენ, დაახლოებით სამ საათში. ვერტმფრენი არ არის, არც ველოსიპედი და არც მანქანა, რომ დაჯდე და უცბად გავარდე, მათ მომზადება სჭირდება. ასევე, ამინდი იყო ძალიან ცუდი, თითქმის 2 საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ შემოფრენილიყვნენ ხეობაში . მაინც ჩამოვიდა ვერტმფრენი, იმუშავეს.. კუნძულზე იყო 70 ადამიანი, გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას. მეორე მხარესაც იყო უსაფრთხო ადგილი, ფერდობზე. იქ უკვე ჩვენი პოლიციელებიც ადგილზე იყვნენ, საკვებიც.. დაღამდე, იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე იყო და აღარ გავრისკეთ, მეორე დღეს გამოვიყვანეთ დანარჩენი ადამიანები.

რაც შეეხება კითხვას, რატომ არ დაფრინავდნენ ღამე – ამაზე ასჯერ მაქვს ახსნილი, ვინც ერკვევა ავიაციაში ყველას კარგად ესმის. გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა, არის ძალიან დიდი რისკი, ასე რომ ვთქვათ და თუ ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმწამს რაღაც, რომ გარისკოს პილოტებმაც – არ არის მიზანშეწონილი, არ არის დაშვებული. შეიძლება დილით გამოვიყვანოთ 3 საათში ადამიანები, გავრისკოთ და პილოტები დავღუპოთ,“ – ამბობს ვახტანგ გომელაური.

14 აგვისტო

14 აგვისტოს „ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაში მოყოლილი ადამიანების მონათხრობი, რომელთაც თავიანთი რესურსით გადარჩენა მოახერხეს, ეჭვქვეშ დააყენა. მან თქვა, რომ სპეკულაციებია, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს.

„იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც წარმოუდგენელი ტყუილია. უბრალოდ შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სტიქია იყო მყისიერი და სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი.

ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, ამაზე მაქვს საუბარი. კიდეებში იყო ასევე სივრცე, სადაც ღვარცოფის ნარჩენი მასა იყო გადასული. იქ იყო 20 სანტიმეტრი სიმაღლის მიწა, ზოგან იყო 1 მეტრი და ა.შ […] რაც შეეხება თვითონ ღვარცოფული მასის თემას. რამდენი ხანი შეიძლება გაძლოს ადამიანმა ღვარცოფული მასის ქვეშ. აქ საუბარია წუთებზე”, — განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტებმა კობახიძეს უთხრეს, რომ ღვარცოფში მოყოლილმა ერთ-ერთმა კაცმა, დავით ჯელაძემ ფოტო გაავრცელა, სადაც ჩანდა თუ რა მანძილი გაიარეს მან და მისმა 6 წლის დისშვილმა, რაზეც კობახიძემ უპასუხა:

„ეგ ნამდვილად არ ვიცი, გადავამოწმებთ, მაგრამ ცოტა მეეჭვება. არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით ამ ფოტოზე. ერთი, რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა არ ვიცი, რადგან, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა და მოახერხა [გადარჩენა]… თქვენ წარმოიდგინეთ მეორე დღეს ვიყავით მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი, ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი. არ ვიცი ვერაფერს გეტყვით მაგაზე”.

ამავე ბრიფინგზე კობახიძემ განმარტა ვახტანგ გომელაურის წინა დღის განცხადება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვერავითარი დამატებითი რესურსის ჩართვით მეტი ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა.

„არსებობს დრონები, რომლებიც აქვს სამაშველო სამსახურს, ასევე ვერტმფრენები. როდესაც საუბარია ვერტმფრენებზე, ღამის ხედვის საშუალებით, აქ საუბარი არ არის მაინცდამაინც პროჟექტორებზე, არის სპეციალური აპარატურა, რომელიც დამონტაჟებულია ვერტმფრენში და იძლევა უბრალოდ ობიექტების იდენტიფიცირების საშუალება. ეს არის და ეს. ზუსტად იგივეს გაკეთება, ბუნებრივია, შეუძლია დრონს. ვერტმფრენი თავის ღამის ხედვის აპარატურით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საჭიროა იდენტიფიცირება და ამ იდენტიფიცირებული ობიექტის ლოკაციიდან მყისიერად გამოყვანა.

გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორია სრულად იყო დათვალიერებული მანამდეც, დრონების საშუალებით ყველა ოპერაციის ჩატარება იყო შესაძლებელი და ვერტმფრენების ჩართვას უბრალოდ არ ჰქონდა დამატებითი, რაციონალური საფუძველი. ეს არის ის, რაც განმარტა შს მინისტრმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავარ ფოტოზე: შოვი სტიქიის შემდეგ/„მთის ამბები“

მასალების გადაბეჭდვის წესი