ახალი ამბები

სპეკულაციებია, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს — კობახიძე

14 აგვისტო, 2023 • 5839
სპეკულაციებია, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს — კობახიძე

“ქართული ოცნების” ლიდერი ირაკლი კობახიძე ეჭვქვეშ აყენებს შოვის სტიქიაში მოყოლილი ადამიანების მონათხრობს, რომელთაც თავიანთი რესურსით გადარჩენა მოახერხეს. კობახიძე სპეკულაციებსა და წარმოუდგენელ ტყუილს უწოდებს გადარჩენილი ადამიანების ნათქვამს, რომლის თანახმადაც, ისინი 3 საათის განმავლობაში ებრძოდნენ ღვარცოფს, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც.

ამის შესახებ მან დღეს, 14 აგვისტოს, ბრიფინგზე ისაუბრა.

“იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც წარმოუდგენელი ტყუილია. უბრალოდ შეუძლებელია, ასე განვითარებულიყო იქ პროცესები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სტიქია იყო მყისიერი და, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი.

ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, ამაზე მაქვს საუბარი. კიდეებში იყო ასევე სივრცე, სადაც ღვარცოფის ნარჩენი მასა იყო გადასული. იქ იყო 20 სანტიმეტრი სიმაღლის მიწა, ზოგან იყო 1 მეტრი და ა.შ […] რაც შეეხება თვითონ ღვარცოფული მასის თემას. რამდენი ხანი შეიძლება გაძლოს ადამიანმა ღვარცოფული მასის ქვეშ. აქ საუბარია წუთებზე”, — განაცხადა კობახიძემ.

აღნიშნულის შემდეგ ჟურნალისტებმა კობახიძეს უთხრეს, რომ ღვარცოფში მოყოლილმა ერთ-ერთმა კაცმა, დავით ჯელაძემ ფოტო გაავრცელა, სადაც ჩანდა, თუ რა მანძილი გაიარეს მან და მისმა 6 წლის დისშვილმა, რაზეც კობახიძემ უპასუხა:

„ეგ ნამდვილად არ ვიცი, გადავამოწმებთ, მაგრამ ცოტა მეეჭვება. არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით ამ ფოტოზე. ერთი, რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, არ ვიცი, რადგან, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა და მოახერხა [გადარჩენა]… თქვენ წარმოიდგინეთ, მეორე დღეს ვიყავით მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი, ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი. არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით მაგაზე”.

კობახიძის ამ განცხადებას თავად დავით ჯელაძე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში:

ჯელაძეების ოჯახი ღვარცოფის მოვარდნისას შოვში იმყოფებოდნენ. დავით ჯელაძე იხსენებს, რომ უკვე სახლში დაბრუნებისას, შოვში, მინერალურ წყლებთან გაჩერდნენ, რა დროსაც ხიდზე მყოფმა ოჯახის სხვა წევრმა ღვარცოფული მასა დაინახა და დანარჩენებს დაუძახა, ჩქარა წამოსულიყვნენ. ისინი ხიდზე ავიდნენ, თუმცა ღვარცოფმა იქამდეც მიაღწია და საბოლოოდ, როგორც დავით ჯელაძე ამბობს, “ყველა მხრიდან მეწყერში აღმოჩნდნენ”.  ბოლოს გადაწყვიტა, 6 წლის დისშვილთან ერთად ღვარცოფული მასის მეორე მხარეს გადასულიყო, რადგან დაინახა, რომ სასტუმრო “სანსეტ შოვის” ნაწილი არ ჰქონდა დაფარული ღვარცოფს და იქ ხალხიც დადიოდა. დავით ჯელაძის მონათხრობის თანახმად, აღნიშნული ტერიტორიის გავლას დაახლოებით 2 საათი დასჭირდა.

გარეკანის ფოტოზე ასახულია ჯელაძეების ოჯახის არასრულწლოვანი წევრი, რომელიც შოვში სხვა ადამიანებთან ერთად მოყვა 3 აგვისტოს ღვარცოფცში. ფოტო გადაღებულია სტიქიის პირველ წუთებში. თავდაპირველად ის “მთის ამბებმა” გაავრცელა.

დავით ჯელაძის მონათხრობი ნახეთ ვრცლად:

მიწა უხმოდ მოდიოდა, რამდენიმე ადამიანი ჩემს თვალწინ წაიღო – რას ჰყვება დავით ჯელაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი