ახალი ამბები

სულ რაღაც სამ საათში მივიდა ვერტმფრენი – პაპუაშვილი შოვის სტიქიაზე

8 აგვისტო, 2023 • 2129
სულ რაღაც სამ საათში მივიდა ვერტმფრენი – პაპუაშვილი შოვის სტიქიაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ შოვის სტიქიის შემდეგ ადგილზე ვერტმფრენი „სულ რაღაც 3 საათში იყო“.

დღეს ჟურნალისტებთან საუბარში პაპუაშვილმა თქვა, რომ ყველა ამოცანა, რომელიც დასახული ჰქონდა სამაშველო სამსახურს, შესრულდა.  შესაბამისად, მისი თქმით, სხვა ქვეყნების დახმარება საჭირო არ იყო. დამატებით კითხვებზე, დააგვიანა თუ არა ვერტმფრენმა, პაპუაშვილი პასუხობს:

„3 საათის დაგვიანებით კი არ მივიდა, სამ საათში მივიდა ვერტმფრენი, სულ რაღაც სამ საათში. ერთი საათი უნდა ფრენას, შეტყობინების შემდეგ სჭირდება გადამოწმება, რა ტექნიკა არის საჭირო და ამის შემდეგ არის მოსამზადებელი სამუშაო ტექნიკისთვის. ეს მანქანა ხომ არ არის, დაქოქო და წახვიდე, მას სჭირდება მომზადების პერიოდი და ზუსტად ამ პერიოდში, სულ რაღაც 3 საათში იყო ვერტმფრენი იქ. და ყველა ამოცანა, რომელიც დასახული იყო შესრულდა.“

პაპუაშვილი ასევე დასძენს, რომ თავად იმყოფებოდა სტიქიის ზონაში რამდენიმე დღის განმავლობაში და იხსენებს, რომ 2 დღის განმავლობაში მაშველებმა 210 ადამიანის უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოყვანა შეძლეს.


3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეხუთე დღეა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 18 გარდაცვლილის შესახებ, კვლავ მიმდინარეობს მოქალაქეთა სამძებრო სამუშაოებიც.

თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან „ნეტგაზეთის“ განახლებად მასალაში:

თუ გაქვთ ინფორმაცია დაღუპულების ან დაკარგულების შესახებ, გთხოვთ, მოგვწერეთ ნეტგაზეთის ფეისბუკის გვერდზე, ან ელექტრონულ მისამართზე: netgazeti.ge@gmail.com

მასალების გადაბეჭდვის წესი