დღეს, 9 აგვისტოს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ სტიქიის ადგილას მოხალისეების საჭიროება არ არსებობდა.

მისი თქმით,  შოვში დახმარების მსურველ მოხალისეთა სხვადასხვა აქციის მიზანი იყო იმ აღქმის ჩამოყალიბება, რომ თითქოს ხელისუფლება საკმარისად არ ზრუნავს დაზარალებულებზე.

„სოციალურ ქსელში ასევე ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია დახმარებების შეგროვების შესახებ, იქნებოდა ეს საკვები, წყალი, ტანსაცმელი თუ მედიკამენტები, მიუხედავად საგანგებო შტაბის მხრიდან გაკეთებული არაერთი განმარტებისა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფდა ადგილზე მყოფ ყველა პირს და მოხალისეობრივი ჩართულობის აუცილებლობა არ იყო. ასეთი აქციების მიზანი, რიგ შემთხვევაში, იყო აღქმის ჩამოყალიბება, თითქოს ხელისუფლება საკმარისად არ ზრუნავს დაზარალებულებზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ბრიფინგის დიდი ნაწილი პაპუაშვილმა მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას დაუთმო.  მან კვლავ გააკრიტიკა “მთის ამბები”, გამოცემა, რომელმაც პირველმა  გაავრცელა ცნობა შოვში მეწყრის შესახებ, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, და ყალბი ამბების გავრცელებაში დაადანაშაულა.

გუშინ, 8 აგვისტოს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ვერტმფრენი სტიქიის ადგილას  „3 საათის დაგვიანებით კი არ მივიდა, სამ საათში მივიდა, სულ რაღაც სამ საათში”.


3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეხუთე დღეა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 20 გარდაცვლილის შესახებ, 13 ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.

სტიქია შოვში: ვინ არიან დაღუპულები

შოვში მომხდარი სტიქიის ფონზე „მთის ამბების“ რედაქტორს, გელა მთივლიშვილს საჯარო მოხელე „წყალში გადაგდებით“ მხოლოდ იმიტომ დაემუქრა, რომ ის შოვის სტიქიას აშუქებს. რომ არა „მთის ამბები“, სტიქიურ უბედურებას ქვეყანა ალბათ რამდენიმე საათის დაგვიანებით შეიტყობდა.

გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ აგრესია მათ მიმართ მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც გელა მთივლიშვილს ირაკლი კობახიძემ „არაკაცი“ უწოდა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პოსტის წაშლა მოითხოვა.

გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ  თავს არ გრძნობს უსაფრთხოდ, თუმცა მაინც აგრძელებს სტიქიის ზონიდან მუშაობას.