ახალი ამბები

„კიდევ ერთი ჯანსაღი კულტურული სივრცე ამოიკეტა“ – მწერლები დუმბაძის დანიშვნას ეხმაურებიან

10 აგვისტო, 2023 • 3354
„კიდევ ერთი ჯანსაღი კულტურული სივრცე ამოიკეტა“ – მწერლები დუმბაძის დანიშვნას ეხმაურებიან

საქართველოს მწერალთა სახლის ხელმძღვანელად „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ქეთევან დუმბაძის დანიშვნას მწერალთა ნაწილი ეხმაურება. ისინი სოლიდარობას უცხადებენ მწერალთა სახლის ყოფილ ხელმძღვანელს ნატაშა ლომოურს, რომელმაც დუმბაძის დანიშვნამდე რამდენიმე დღით ადრე კულტურის სამინისტროს მიმართა, რომ ვადის ამოწურვის შემდეგაც დაინტერესებული იყო უფლებამოსილების გაგრძელებით.

თუმცა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნატაშა ლომოურის მიმართვა არ გაითვალისწინა და მწერალთა სახლის ხელმძღვანელად თავის თანაგუნდელი ქეთევან დუმბაძე დანიშნა.

პოეტ რატი ამაღლობელის განცხადებით, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით მწერალთა სახლი შინარსობრივად და სულისკვეთებით კვლავ მწერალთა კავშირის საბჭოთა პოზიციებს დაუბრუნდა.

მისი თქმით, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიტაცებილია და ყველგან ვიწროპარტიულმა ინტერესმა ჩაანაცვალა აქამდე არსებული ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი.

„ვფიქრობ, დღეს ცალ-ცალკე ინსტიტუტების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა კიდევ უფრო დაგვაცალკევებს. გამოსავალი ამ 12-წლიანი ერთპარტიული მონოპოლიის შეცვლა იქნებოდა. ძირეული ცვლილებების გარეშე არათუ დამოუკიდებელ ინსტიტუციებს, არამედ მთლიანად საქართველოს,როგორც სახელემწიფოსაც დავკარგავთ. უფრო მეტი ძალისხმევით უნდა ვისაუბროთ ახალ ალტერნატივებზე კულტურაში, განათლებაში, ეკონომიკაში.

შევქმნათ ახალი დღის წესრიგი, ახალი გაერთიანებები, სადაც საკუთარ თავს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მკაფიოდ დაინახავენ. ასეთი გაერთიანებებისაა მომავალი“, – დაწერა რატი ამოღლებელმა სოციალურ ქსელში.

მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის სულის დაბრუნებად აფასებს მწერალი ლაშა ბუღაძე.

„ქართულმა ოცნებამ“ ახალი ოფის-შტაბი მიამატა თავის პარტიულ ოფისებს. ვიდრე „ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში – ქვეყნის და სახელოვნებო სფეროთა ეროზია-დეგრადაცია გაგრძელდება… თ. წულუკიანი, რომელიც ყველაზე უვარგისი და დესტრუქციული მმართველია, ვინც კი ამ სფეროში ყოფილა, მწერალთაკავშირული რესენტიმენტებით ცდილობს „ბუნებაზე, ყვავილებზე და ჩიტებზე“ პოსტების მდებებისა და ლექსების მკეთებელი აპოლიტიკური „კულტურის მუშაკების“ გულის მოგებას… რომელიმე რუსულ კანონ 2-ს, ალბათ, უკვე ტაშისკვრით მიიღებენ მწერალთა სახლის დარბაზში, როგორც ეს „ძველ და საყვარელ“ საბჭოთა მამების და ადრე თუ გვიან-შევარდნაძეულ ეპოქაში ხდებოდა. გილოცავთ, ამხანაგებო!“ – წერს ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.

პოეტ ზვიად რატიანის შეფასებით, კულტურის მინისტრის ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთი ჯანსაღი კულტურული სივრცე ამოიკეტა.

„იწყება ქოც-რეალიზმის ეპოქა ქართულ ლიტერატურაში. არცერთი მწერალი, ვინც ქალბატონი დუმბაძის მწერალთა სახლთან რაიმე ფორმით ითანამშრომლებს, პირადად ჩემთვის აღარ იქნება ყოფითი პატივისცემის თუნდაც ისეთი პირობითი გამოხატულების ღირსი, როგორიცაა მისალმება“, – დაწერა სოციალურ ქსელში ზვიად რატიანმა.

მწერალთა სახლის ყოფილ ხელმძღვანელს, ნატაშა ლომოურს სოლიდარობა გამოუცხადა მწერალმა თამთა მელაშვილმაც.

„უდიდესი მადლობა ნატაშა ლომოურს და მწერალთა სახლის სრულიად არაჩვეულებრივ გუნდს, რომლის უპირველესი ღირსება საქმის სიყვარულით კეთებაა, რასაც მე, პირადად, ყოველ წამს ვგრძნობდი და ყოველთვის უწყვეტ აღფრთოვანებაში მოვყავდი. ალბათ, ზუსტად საქმის უსაზღვრო სიყვარული აცამტვერებდა იმ სტრესს, უკიდურესად დაძაბულ გარემოებებში წლობით მუშაობას, რომელსაც მწერალთა სახლის გუნდს კულტურის სამინისტრო უქმნიდა.

დიდი მადლობა ყველა თქვენგანს, მწერალთა სახლს, იმ უზღვავი საქმისთვის, რაც გააკეთეთ. ეს სტატუსი არც ერთ შემთხვევაში არაა დამშვიდობება. პირიქით, ახალი შემართებით, ერთიანი ბრძოლის დასაწყისია“, – დაწერა სოციალურ ქსელში თამთა მელაშვილმა.

მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას გამოეხმაურა მწერალი არჩილ ქიქოძეც.

„ჩემი სიყვარული და სოლიდარობა ნატაშა ლომოურს და მწერალთა სახლის მთელ გუნდს. ამ შენობის კარი არც ნატაშას მისვლამდე გამიღია და არც მაშინ გავაღებ, თუკი იქ საკუთარი საქმის ერთგული პროფესიონალების ნაცვლად კოლექტიური სოსო ჭუბურიძე დამხვდება“, – დაწერა სოციალურ ქსელში არჩილ ქიქოძემ.

ქეთევან დუმბაძის დანიშვნას ეხმაურება მწერალი და გამომცემელი ზვიად კვარაცხელიაც, რომელიც აცხადებს, რომ კულტურის მინისტრის ეს გადაწყვეტილება თავისუფალი კუნძულების ოკუპაციის გაგრძელებაა.

„რუსულ კანონზე ხელმომწერი დეპუტატი მწერალთა სახლს უხელმძღვანელებსო. პარტია „ქართული ოცნება“ თავისუფალი კუნძულების ოკუპაციას აგრძელებს. ჩემთვის პირადად სულერთია, რა დამსახურება ჰქონდა ან რა სენტიმენტები გვაკავშირებდა პარტიულ ფუნქციონერთან, რომელიც წულუკიანმა მიავლინა თავისი მანქანის ჭანჭიკად. საბოლოოდ უნდა მორჩეს ის დრო, როცა ქვეყნის მოღალატეობასთან თანამშრომლობა პრაგმატული (სინამდვილეში კი ლაჩრული) მიზეზებით მართლდებოდა“, – დაწერა სოციალურ ქსელში ზვიად კვარაცხელიამ.

ნატაშა ლომოურს მხარდაჭერა გამოუცხადა მთარგმნელმა მაგდა ნოვაკოვსკამაც.

„გასულ კვირა დღეს ნატაშა ლომოურმა არაჩვეულებრივი ინტერვიუ მისცა პოლონეთის საზოგადოებრივ ტელევიზიას. ღიმილიანად მოყვა იმაზე, თუ რამდენი პროექტი, საერთაშორისო ფესტივალი და სემინარი ჩატარდა მისი ძალისხმევით გარემონტებულ და აღორძინებულ მწერალთა სახლში, ჩამოთვალა ყველა პოლონელი მწერალი, რომელიც სტუმრობდა მას ,და მწერალთა სახლის მთარგმნელობითი პროგრამის მიერ დაფინანსებული თარგმანები, შემდეგ კი ავიდა თავის კაბინეტში, ჩაალაგა თავისი პირადი ნივთები და წავიდა სახლში. ეს უნდა ყოფილიყო მისი ბოლო დღე სამსახურში.

საქართველოში (და არა მარტო საქართველოში) ძალიან ცოტაა ნატასნაირი ძლიერი და მცოდნე კულტურის მენეჯერი. ის, რაც მან აქამდე გააკეთა ლიტერატურასა და ეროვნული მემკვიდრეობის სფეროში, უბრალოდ ფასდაუდებელია. ჩემი პირადი უდიდესი მადლობა, სიყვარული და მხარდაჭერა მას“, – დაწერა სოციალურ ქსელში მაგდა ნოვაკოვსკამ.


თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით,  4 სექტემბრიდან საქართველოს მწერალთა სახლს უხელმძღვანელებს ქეთევან დუმბაძე. დეპუტატი, რომელიც მხარს უჭერდა რუსულ კანონპროექტს ე.წ. აგენტების შესახებ. მსგავსი კანონით რუსეთში ებრძვიან ოპოზიციურ მედიასა და სამოქალაქო აქტივიზმს. კანონპროექტს პირველი მოსმენით საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის  76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. თავდაპირველად მათ შორის არ იყო ქეთევან დუმბაძე – მან კენჭისყრისგან თავი შეიკავა, თუმცა შემდგომ პროსახელისუფლებო Post TV-ს უთხრა, რომ რეალურად კანონპროექტს მხარი დაუჭირა და ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს.

რაც შეეხება მწერალთა სახლს, მას 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა ნატა ლომოური. ის ნეტგაზეთთან აცხადებდა, რომ რამდენიმე დღის წინ კულტურის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ 5 დღეში თანამდებობაზე ყოფნის ოთხწლიანი ვადა ეწურებოდა, რის შემდეგაც უწყებას წერილობით მიმართა, რომ დაინტერესებული იყო უფლებამოსილების გაგრძელებით, თუმცა პასუხი არ მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი